„ზურა ადეიშვილს არათუ არსად დავნიშნავდი, არამედ სალამსაც არ ვეტყვი. ის არის ჯალათი“

საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ფოფხაძის განცხადებით, თუკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღება იმ ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ, რომლებზეც სამართლებრივი დევნა წარმოებს, მაშინ ეს არასწორია, მაგრამ თუკი ეს ეხებათ იმ ადამიანებს, ვის წინააღმდეგაც საქმე აღძრული არ არის, მაშინ შესაძლოა, მათ შეძლონ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ უკრაინელებს. თუმცა, ამის მიუხედავად, დეპუტატის განცხადებით, ამ ადამიანების ღირებულებებიდან გამომდინარე, ის უკრაინის ხელისუფლებას თანამდებობებზე მათ დანიშვნას არ ურჩევდა.
რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, ფოფხაძემ მის მიმართ ნეგატიური განწყობა საჯაროდ დააფიქსირა. მისი განცხადებით, მისთვის ადეიშვილი ჯალათია, რომელსაც არათუ არსად დანიშნავდა, არამედ არც კი მიესალმებოდა მას.
„ლოგიკურია, თუ ვინმემ რაიმე ისეთი იცის, რაც შენ შეიძლება გამოიყენო. ეს მაშინ ნორმალურია, თუმცა ამ საკითხის პოლიტიკური ნაწილი პრობლემურია. უკრაინა ჩვენი სტარტეგიული პარტნიორია და მათი ამ ქმედებით ხაზი არ უნდა გაესვას იმას, რომ ჩვენგან წასულ ყოფილ ჩინოვნიკებს, რომლებსაც ნეგატიური გამოცდილებაც დიდი აქვთ საქართველოსთან მიმართებაში, იქ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებენ. უკრაინას უნდა ესმოდეს, რომ ის არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქართული სახელმწიფოს მოკავშირე უნდა იყოს. თუ საქართველოში ეჭვმიტანილი პირის მიმართ რაღაც სხვანაირი სამართლებრივი ინტერესი იქნება უკრაინაში, ეს ალბათ, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. მე მიმაჩნია, რომ უკრაინას საქართველო ისევე სჭირდება, როგორც საქართველოს უკრაინა. ზურა ადეიშვილს ნეგატიური გამოცდილება უფრო მეტი აქვს. მე პირადად მას არათუ არსად დავნიშნავდი, არამედ სალამსაც არ ვეტყვი. მე მას ძალიან ნეგატიურ კონტექსტში განვიხილავ. ჩემთვის ის არის ჯალათი“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები