ირაკლი შიხიაშვილი სოფელ პატარა ლილოს წყალმომარაგებისთვის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურ დირექტორთან ალექსეი კუზნეცოვთან ერთად სოფელ პატარა ლილოს ეწვია. შიხიაშვილმა 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
როგორც ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ორგანო დაინტერესებულია, თუ რამდენად ეფექტურად და გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხორციელდება მიმდინარე სამუშაოები.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელობასთან ერთად დავათვალიერეთ ის სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს პატარა ლილოში, ნასაგურში, წილუბანში. ასეთი სამუშაო ადგილები ჩვენს დედაქალაში სულ შვიდია. მოსახლეობას რომ არ გაუჩნდეს ეჭვი, თითქოს ბიუჯეტის მიუღებლობით სადმე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩერდება და პრიორიტეტებს პრობლემა ექმნება, დასტურად ამისა, ჩვენ ვიმყოფებით ახლა იქ, სადაც მაღალი ტემპით მიმდინარეობს მუშაობა”, – აღნიშნა შიხიაშვილმა. მისივე თქმით, კეთდება ათას კუბამეტრიანი რეზერვუარი, რომელიც წყალს ხუთას კუბამეტრიან რეზერვუარში გადაქაჩავს, საიდანაც თვითდინებით მომარაგდება პატარა ლილოს მოსახლეობა და წყლის არ ქონის პრობლემა ამ ტერიტორიაზე სრულად მოიხსნება.
როგორც ალექსეი კუზნეცოვმა განმარტა, კომპანია დედაქალაქის რამდენიმე ახლად შემოერთებულ დასახლებაში სამუშაოებს ერთდროულად აწარმოებს. “წლევანდელი ცივი ზამთრის პირობებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა. ამ ეტაპზე კომპანიის მიზანი წყლის მიწოდების შეფერხების მინიმუმამდე დაყვანაა. აუცილებელია დამატებით ახალი მილსადენების დამონტაჟება, რადგანაც სისტემის გაუმართაობა სწორედ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დამონტაჟებული მილების მწყობრიდან გამოსვლით არის განპირობებული. პრობლემების მიუხედავად სამუშაოები ყველა ობიექტზე შეუფერხებლად მიმდინარეობს და მათი დასრულება დაგეგმილ ვადებში იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა კუზნეცოვმა.
ადგილობრივების განცხადებით კი, წყლის პრობლემის გამო პატარა ლილოს დასახლება რამდენიმე ოჯახმა დატოვა. “მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა. გაუსაძლისი პირობები იყო და ამის გამო რამდენიმე მოსახლემ სოფელიც კი დატოვა. გაზაფხულისთვის უკვე ყველა დაუბრუნდება თავის კერას”, – განაცხადა პატარა ლილოში მცხოვრებმა მოსახლემ.