შსს-ს აკადემიაში კიბერდანაშაულის საკითხებზე ტრენინგი ტარდება

შსს-ს აკადემიაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ორგანიზებით, კიბერდანაშაულის საკითხებზე რეგიონალური ტრენინგი დაიწყო. ღონისძიება შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ გახსნა. სამინისტროს ცნობით, სწავლებაში მონაწილეობენ საქართველოს შსს-ს აკადემიის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ამავე დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლები და სომხეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები. ტრენინგს ავსტრიელი ექსპერტები უძღვებიან.
სწავლების მიზანია კიბერდანაშაულის საკითხებზე მომუშავე გამომძიებლებისა და ექსპერტების შესაძლებლობების განვითარება და რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება. ტრენინგი შსს-ს აკადემიაში ორ დღეს გაგრძელდება. კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციას საქართველო 2012 წელს შეურთდა. ამავე წელს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო შეიქმნა. შსს-ს აკადემიაში შემუშავდა სპეციალური ტრენინგ-მოდულები, რომელიც მოიცავს კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ელექტრონული მტკიცებულებების ჩხრეკა-ამოღება, კიბერდანაშაულის საგამოძიებო ტექნიკა, კიბერდანაშაულის სამართლებრივი ასპექტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის კიბერდანაშაულის საკითხებზე ტრენინგები და სწავლებები სისტემატურად ტარდება. ასევე აღსანიშნავია, რომ შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი დოკუმენტი – საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2013-2015 წლების სტრატეგია.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=gV0fKqFVF-k” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები