ბურჯალიანი ხიდაშელს ტყუილსა და უპასუხისმგებლო განცხადებებში ადანაშაულებს

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თინა ხიდაშელს პასუხობს. ბურჯალიანი აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ ხიდაშელის განცხადებას სიცრუეს და უპასუხისმგებლოს უწოდებს.
თინა ბურჯალიანი ხიდაშელის პასუხად ყველა იმ შეხვედრისა და პროცედურებს იხსენებს, რომელიც საერთაშორისო სასამართლოსთან მასალებისა და ინფორმაციის მიზნით განხორციელდა.
“ქალბატონი თინა ხიდაშელის მიერ “რუსთავი 2”-ის ეთერში გაკეთებული განცხადება აგვისტოს ომის გამოძიებასა და სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოსთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლობის შესახებ, არის ტყუილი, უპასუხისმგებლობა და იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვინც წლებია, მუშაობს რუსეთის აგრესიის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების მიცემაზე ამ უწყებებში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შევხვდი პირადად რუსული აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2008 წლის 13 აგვისტოს და გადავეცი ჩემს ხელთ იმ დროისათვის არსებული ინფორმაცია. ასევე შევხვდი 2008 წლის სექტემბერში და გადავეცი საქმის მასალები რამდენიმე ტომად, რომელიც აჩვენებდა რუსი სამხედროების მიერ ქართველების ეთნიკურ წმენდას, ომის დანაშაულსა და სხვა მძიმე სამართალდარღვევებს.
2009 წელს მე და ზურაბ ადეიშვილი ისევ შევხვდით სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს პორკურორს ბატონ ოკამპოს და გადავეცით დამატებითი მასალები, რაც იმ დროისათვის გამოძიების და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იქნა მოპოვებული. ამასთან, სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს 2009-2011 წლებში რამდენჯერმე გავგზავნე ასეულობით გვერდი მტკიცებულება და სიტუაციის ანალიზი, რომელიც ადასტურებდა რუსი სამხედროებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული პირების მიერ ქართველების ეთნიკური წმენდასა და ომის დანაშაულებს. ამევე პერიოდში განხორციელდა სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის ვიზიტები საქართველოში, რომლის დროსაც მათ გადაეცათ დამატებითი მასალები. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მათ შორის ოფიციალური დოკუმენტების მიწოდება ხდებოდა პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს კანცელარიების გავლით. ამ წერილების ნომრები და ასლები უნდა ინახებოდეს ორივე უწყებაში. ამასთან, ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ მასალების მომზადებაში, ისევ მუშაობენ მთავარ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში და მათ ამნეზია არ აწუხებთ. ქართულ მხარესთან თანმშრომლობა დადებითად შეფასდა სისხლის სამართლის სასამართლოს 2009/2010, 2010/2011, 2011/2012 წლის ანგარიშებში, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იქნა წარდგენილი. ეს დოკუმენტები საჯაროა და სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს ვებგვერდზე დევს (http://www.icc-cpi.int/…/Pag…/reports%20on%20activities.aspx ). ასევე საჯაროა პროკურორის 2008 წლის 14 აგვისტოსა და 2010 წლის 25 ივნისის განცხადებები, სადაც საუბარია ქართული მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდებაზე (http://www.icc-cpi.int/…/pe-ongo…/georgia/Pages/georgia.aspx ). გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სარჩელები შეიტანა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში. სტრასბურგში მიმდინარე საქმეზე საქართველოს განაცხადი დასაშვებად იქნა გამოცხადებული 2011 წელს. მისი არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა. უმჯობესია ქალბატონმა ხიდაშელმა საზოგადოებას უთხრას რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. რაც შეეხება მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დავას, შეგახსენებთ, სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ უნდა მომხდარიყო ეთნიკური წმენდის ბრალდების გარშემო არგუმენტების გაცვლა მოლაპარაკების გზით. ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამ პოზიციას, თუმცა დავის გასაგრძელებლად ამ პირობის შესრულება აუცილებელი იყო. წინა ხელისუფლების დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტა გადასცა რუსეთის ფედერაციას, სადაც ის ცალსახად არის დადანაშაულებული ქართველების ეთნიკურ წმენდაში, ანუ დაიწყო მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მითითებული პროცესი. ხელისუფლების ცვლის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა და მისი ბედი უცნობია. ქალბატონმა ხიდაშელმა ამაზეც უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია. სამწუხაროდ, შევეჩვიეთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან მთელი რიგი თემებით სპეკულაციას. თუმცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ახლა უკვე ანექსია ის საკითხებია, რომელთა გადასაჭრელად უნდა გაერთიანდეს ყველა. ქალბატონი ხიდაშელის ეთერი მხოლოდ საწინააღმდეგოს აჩვენებს”, – წერს ბურჯალიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა თინა ხიდაშელმა საქართველოს წინა ხელისუფლება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ართანამშრომლობაში დაადანაშაულა. ხიდაშელის თქმით, ეს პროცესი აგვისტოს ომის გამოძიებასთან, ეთნიკურ წმენდასა და გენოციდთან დაკავშირებით მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები