„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულების დადების პროცესი შეჩერდეს“
მთავრობა და ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულების დადების პროცესი შეჩერდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს რეალური შანსია, რომ აფხაზ ხალხთან მოხდეს ისე დაახლოება, როგორც არასდროს. „ჩვენ ვიხილავთ, თუ რა მძიმედ მიმდინარეობს ეს პროცესები, რამდენად რთული და სენსიტიურია ეს ჩვენთვის. ვფიქრობ, რომ დღეს რეალური შანსი გვაქვს, რომ აფხაზ ხალხს უფრო დავუახლოვდეთ ისე, როგორც არასდროს. ეს აფხაზებმაც ძალიან კარგად იციან. აზრის ძალიან დიდი სხვადასხვაობაა თავად მათ შორისაც, რომ შესაძლებელია ეთნიკურად აფხაზი ხალხი უახლოეს მომავალში საერთოდ გაქრეს. მაქსიმალურად უნდა მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად ჩაერთნენ ამ პროცესებში. მთავრობა და ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესები შევაჩეროთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.