ნიკა მელია: რუსეთი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე მძლავრ აგრესიას ახორციელებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
როგორც მელიამ სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, დღევანდელი დღე იმის დასტურია, რომ ამ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი რუსულ ფულზე არ იყიდება და არ ხურდავდება.
მისივე განცხადებით, დღევანდელი აქციიდან სიგნალი მტერს 40 კილომეტრში უნდა გაუგზავნონ და თუ ხელისუფლება მათ პროტესტს არ გაითვალისწინებს, მომავალ დღეებში აქციაზე უფრო მეტი ადამიანი მივა.
„ჩვენს საქართველოს ძალიან მძიმე დღე უდგას, სამწუხაროდ დღეს უკვე არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც. რუსეთი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ძალიან მძლავრ აგრესიას ახორციელებს და მის დაქუცმაცებას ცდილობს, ჩვენი ხელისუფლება კი სდუმს. ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას ალაგებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ რუსები კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას ითვისებენ“,- განაცხადა ნიკა მელიამ.