ირაკლი ალასანია დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდა
დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა გამართეს. სოსო ცისკარიშვილის განმარტებით, ალასანიასთან შეხვედრა „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ წევრთა ინიციატივით გაიმართა. მისივე თქმით, როდესაც ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შეთავაზება მიიღო, მისი მხრიდან ხანგრძლივ დაფიქრებას ადგილი არ ჰქონია.
„როგორც კი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა დასრულდა, „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში“ ირაკლი ალასანიასთან და მის ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან დაიწყო შეხვედრა. მათგან საკმაოდ საინტერესო და დამაჯერებელი ინფორმაცია მივიღეთ. გრიფის “საიდუმლოს” მიმართ პატივისცემა ცხადია, არ დარღვეულა. რისი თქმაც შეიძლებოდა, ის მოვისმინეთ. გამომდინარე იქიდან, რომ სხდომაზე დამსწრე 15-ვე ექსპერტი ჩვენი მედიასაშუალებებისთვის საკმაოდ პოპულარული რესპონდენტია, ალბათ, მომავალი კვირის განმავლობაში ისინი ამ საკითხებზე საზოგადოებისთვის საკუთარი საკუთარი ხედვის გაცნობას ეცდებიან“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ექსპერტები თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებული სამართლებრივი პროცესებით დაინტერესდნენ.
„ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, რომ სამართლებრივ თემას პოლიტიკური თემისგან გავმიჯნავდით. ჩვენი ინტერესის საგანი ამ შემთხვევაში სამართლებრივი პროცესები იყო, სადაც მთავარი მოქმედი პირის სახით გამოდის პროკურატურა, რომლის მიმართაც გულწრფელად გეტყვით, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩანერგილი პესიმიზმი გაგვაჩნია. რასაკვირველია, პრობლემურია ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატებს მასალები არ გადაეცემათ. ამასთან, როდესაც არის შეთავაზება დაპატიმრებული თანამშრომლებისთვის, რომ ისინი სახაზინო ადვოკატებით დაკმაყოფილდნენ და საკუთარი ძალებით დაცვაზე უარი თქვან, ეს უკვე მიმანიშნებელია, რომ ჩვენი პროკუარტურა დამფრთხალია და არ იცის რა საზღვრებში ჩაატიოს საკუთარი სიცრუე“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, პროკურატურის მხრიდან უკვე არაერთი ისეთი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების ჩარჩოებს სცილდება.
„რამდენჯერ გაჟღერდება ალასანიას თემა ჩვენს კლუბში ეს, უპირველეს ყოვლისა, პროკურატურის კვალიფიცირებულობაზე და მის მიერ გადაგმულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. ჩვენი პროკურატურისგან უსამართლობის მიმართულებით რაც უფრო მეტი ნაბიჯი გადაიგმება, ჩვენი აქტივობა მით მეტად თვალსაჩინო იქნება საზოგადოებისთვის“, – განუცხადა „პირWელს“ სოსო ცისკარიშვილმა.
წყარო: http://pia.ge/