„იმედიდან“ ჩემი წამოსვლის მიზეზი შანტაჟი და ზეწოლა არ გამხდარა“

გადაცემა „დროების“ ყოფილი ჟურნალისტი რუსუდან ცხომელიძე“რეპორტიორის“ გენერალური დირექტორის გიორგი მამაცაშვილის მიერ გასაჯაროებული სკანდალური აუდიოჩანაწერის თაობაზე “კვირასთან“ კომენტარს აკეთებს. ცხომელიძე არ უარყოფს, რომ იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან “იმედის“ ჟურნალსიტებზე გარკვეული სახის ზეწოლა მართლაც ხორციელდებოდა, თუმცა მისი თქმით, „დროების“ ჟურნალისტების ტელეკომპანიიდან წამოსვლის მიზეზი შანტაჟი და ზეწოლა არ ყოფილა.
ჟურნალისტის განცხადებით, ტელეკომპანიის დატოვება მან და კიდევ რამდენიმე მისმა კოლეგამ ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში მისვლით და იმ პროცესის თანმდები მოვლენების გამო გადაწყვიტეს. ცხომელიძე თვლის, რომმ მამაცაშვილის მიერ გავრცელებული აუდიომასალა დროში აცდენილია.
„არ უარვყოფ, რომ „იმედის“ ჟურნალისტებზე ზეწოლას ზოგადად ჰქონდა ადგილი. თუმცა ჩემი „დროებიდან“ წამოსვლის საბაბი არც შანტაჟით ყოფილა განპირობებული და მითუმეტეს, არც რაიმე თანხის შემოთავაზებით. პირადად ჩემთან არც ბოკერიას დაურეკავს, არც უგულავას, არც თარგამაძეს. არავის არ უთქვამს, რომ თუ ამას არ გავაკეთებდი, საფრთხე დამემუქრებოდა. რაც შეეხება გივი თარგამაძეს, მასთან მქონდა მცირე დროით შეხება. მასთან ზოგადად ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მქონდა საუბარი, შანტაჟს და მოსყდვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია“, – განუცხადა “კვირას“ ცხომელიძემ.
ცხომელიძე აცხადებს, რომ გიორგი მამაცაშვილის მიერ გავრცელებულ აუდიომასალაში ჩაწერილი საუბარი აბსოლუტურად სხვა დროს და სხვა ვითარებაშია განხორციელებული.
„ეს არ არის ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა ჩვენი „დროებაში“ მუშაობის პერიოდში. ეს ჩანაწერი გაკეთდა 2008 წლის გაზაფხულზე, ჩვენ “იმედიდან“ უკვე წამოსულები ვიყავით. ჩვენ მაშინ დავაფუძნეთ სტუდია “ახალი დროება“ და დავდეთ ხელშეკრულება გოგი გეგეშიძის კომპანიასთან. გეგეშიძის კომპანია „მაგი სტილისგან“ მივიღეთ შეკვეთა კონკრეტულ პროდუქციაზე, საკვირაო გადაცემაზე, როგორიც იყო „დროება“. ჩვენ დავიწყეთ ამის კეთება, რომელსაც ერქვა „ახალი 7 დღე“ და პირველ არხზე გადიოდა. გოგი გეგეშიძე ჩვენი დამკვეთი იყო, ის უზრუნველყოფდა ამ პროდუქტის საეთერო უზრუნველყოფას. გვქონდა გაფორმებული კონტრაქტი და თანამშრომლებს შესრულებული სამუშაოსთვის უნდა მიეღოთ ანაზღაურება.
აუდიოჩანაწერში ასევე საუბარია სიუჟეტის ამოღებაზე. საუბარია ერთ-ერთ კონკრეტულ სიუჟეტზე, ვმსჯელობდით იმაზე უნდა გაგვეშვა თუ არა. ჩვენ ეს სიუჟეტი გავუშვით და შეწყდა ჩვენი ურთიერთობა გოგი გეგეშიძესთან. ამ პერიოდისთვის ჩვენ უკვე გვქონდა გაგზავნილი და უკვე მოგებული ერთი გრანტი, რომელიც შემდეგ ვეღარ განვახორციელეთ, რადგან ამ გრანტს საეთერო უზრუნველყოფა სჭირდებოდა, რომელიც ჩვენ შემდეგ სამწუხაროდ, აღარ გვქონდა, რადგან იმ სიუჟეტის გამო ხელშეკრულება გაწყვეტილი იყო , – განუცხადა “კვირას“ ცხომელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე 2007-2008 წლებში ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა და ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა, რომელთა მეშვეობითაც ტელეიმედის გადაცემა “დროების“ ჟურნალისტების შანტაჟი და გადაბირების მცდელობა ხდებოდა.
მისი თქმით, ეს პირები იყვნენ გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე. მამაცაშვილის თქმით, საქმეში ფიგურირებდა “რუსთავი 2“-ის იმჟამინდელი დირექტორი გოგი გეგეშიძე. „რეპორტიორის“ გენერალურმა დირექტორმა იმ ჟურნალისტების სახელები და გვარებიც დაასახელა, რომელთა მიმართაც, მისი მტკიცებით, გადაბირების მცდელობა და შანტაჟი ხორციელდებოდა. მამაცაშვილის თქმით, გივი თარგამაძემ 200 ათასი ამერიკული დოლარი ვინმე კეკელიძის ანგარიშზე გადარიცხა.
„ყველას გვახსოვს, 2007 წლის დეკემბერში როგორ დაიწყო ტელეიმედის გადაცემა “დროების“ ჟურნალისტების ძირითადი ბირთვის წამოსვლა “ტელეიმედიდან“. ესენია არიან: დაჩი გრძელიშვილი, ზაზა წულაძე , იოსებ ბარნაბიშვილი, რუსუდან ცხომელიძე, ვაკო ავალიანი და ლიზი ვაჩნაძე. ერთ-ერთი შენობის სახურავზე ჟურნალისტებმა გააკეთეს განცხადება ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში ჩართვის შესახებ. ეს იყო წინასაპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი, დეკემბრის თვე. მაშინ გივი თარგამაძემ გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ დაიწყეს ამ ჟურნალისტების გადაბირების მცდელობა და შანტაჟი. ამ ჩანაწერებში ნათლად არის საუბარი თანხებზე, ორასი ათას ამერიკულ დოლარზე, რომელიც გივი თარგამაძის დავალებით გადაირიცხა ვინმე კეკელიძის ანგარიშზე. საქმეში ფიგურირებს “რუსთავი 2“ -ის იმჟამინდელი დირექტორი გოგი გეგეშიძე“, – განაცხადა მამაცაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები