გიორგი ახვლედიანი: 7 ნოემბრის უზარმაზარი დანაშაული კვლავ გამოუძიებელია

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი, ტელეკომპანია“იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ახვლედიანი 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენებიდან 7 წლისთავს “კვირასთან“ ეხმაურება. გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებული მოვლენების გამოძიების პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც, მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენის პროცესის აშკარა გაჭიანურებაა.
„ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ აღარ იყო იმის საჭიროება, ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებული მოვლენების საქმე – „ახვლედიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლოს განეხილა.
როგორც წულუკიანი ამტკიცებდა, აღნიშული საქმის ობიექტურად გამოძიება ახალი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკურ ნებას წარმოადგენდა. მართალია, შვიდი ნოემბრის მოვლენების დროს დაზარალებული ჟურნალისტების ნაწილი დაჰკითხეს, თუმცა საქმე მაინც არ დაძრულა, მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ის ადამიანები, ვინც მაშინ ოპოზიციაში იყვნენ და 7 ნოემბრის მოვლენების დროს ძალიან დაზარალდნენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს თემა მათთვის უბრალოდ მეორეხარისხოვანი გახდა“, -განუცხადა “კვირას“ გიორგი ახვლედიანმა.
ახვლედიანი ყოფილი მმართველი გუნდისა და ახალი ხელისუფლების პირობებში მედიის თავისუფლების კუთხით არებულ სიტუაციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილი მმართველი ძალისგან განსხვავებით დღეს ხელისუფლება მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა. თუმცა, ახვლედიანის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აკონტროლებს ერთ-ერთ ტელევიზიას, რაც, მისი შეფასებით, სახელმწიფოსთვის საფრთხისშემცველია.
“დღეს ხელისუფლება ტელევიზიების და სხვა მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან პოზიტიურად შესაფასებელი ფაქტია. მაგრამ ის ფაქტი, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია ისეთი ძლიერი პროპაგანდისტული მექანიზმი, როგორიცაა ტელეკომპანია “რუსთავი 2“, სერიოზულ საფრთხელს უქმნის ქვეყანას, რადგან ეს ტელეკომპანია ეწევა დეზინფორმაციის ტირაჟირებას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. არსებული ხელისუფლების ძალიან დიდი მინუსია ის, რომ ქვეყანაში მოქმედ დანაშაულებრივ პოლიტიკურ დაჯგუფებას თავისუფლად შეუძლია დაგეგმოს და განახორციელოს ამ ტელევიზიის პოლიტიკა.
იმის ნაცვლად, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგოს პასუხი შვიდი ნოემბრის და მსგავსი სცენარით განვითარებული სხვა მოვლენებისათვის, ისინი პარპაშობენ და პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობენ. ისინი არიან ქილერები და მათმა ყველა მხარდამჭერმა უნდა იცოდეს, რომ ისინი ნაწილობრივ არიან თანამონაწილენი იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რასაც ამ პარტიის ქვეშ გაერთიანებული პირები სჩადიოდნენ“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ახვლედიანმა.
7 ნოემბრის ცნობილი მოვლენებიდან დღეს 7 წელი გავიდა. საქართველოს პოლიტიკური კრიზისი 2007 წლის ნოემბერში განპირობებული იყო რიგი მოვლენებით, რომლებიც 3 ნოემბერს დაწყებულ სახალხო საპროტესტო აქციას უძღოდა წინ. აქცია დასრულდა პოლიციის მიერ მის მონაწილეთა დაშლით ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. განვითარებულ მოვლენებს ტელეკომპანია „იმედი” პირდაპირ ეთერში გადასცემდა, რასაც მოგვიანებით „იმედის” დარბევა მოჰყვა. საღამოს საათებში სპეცრაზმელები ტელეკომპანია „იმედში” შეიჭრნენ. მაუწყებლობა შეწყვიტა რადიო „იმედმაც”. „იმედთან” შეკრებილი აქციის მონაწილეების სპეცრაზმმა რეზინის ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავებულთა შორის სხვებთან ერთად, „იმედის” ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები