„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი ეკონომიკური აღმავლობის მიღწევაა“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ორგანიზებულ პოლიტიკურ ფორუმს დაესწრო. ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს – ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის “საქართველო 2020” პროექტი.
„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური აღმავლობის მიღწევა. წინა ხელისუფლებას გამოცხადებული ჰქონდა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ხელისუფლება უხეშად ერეოდა ბიზნესის საქმიანობაში, რამაც თავისი უარყოფითი შედეგები გამოიღო. მათ თავი მოსწონდათ იმ ციფრებით, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მატებას გამოხატავდა, რეალურად კი სურათი სულ სხვაგვარი იყო – ეკონომიკური ზრდა არ აისახებოდა საქართველოს მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი გამოწვევა დღეს ეს არის – ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა რეალურად შეეხოს თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, საქართველოში შექმნას ბიზნესის წარმოების ისეთი გარემო, როდესაც ყველა მეწარმე ბიზნესის წარმოების ერთნაირ წესებს დაემორჩილება. წინა წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად გაუქმდა ზოგიერთი რეგულაცია ან მარეგულირებელი ინსტიტუტი, რომელიც წარმოუდგენელია არსებობდეს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანაში, რისი ამბიციაც საქართველოს აქვს,“- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა გასულ წელს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დაიწყეს. ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტი ყველა სამინისტროს, ექსპერტების, ეროვნული ბანკის, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით შემუშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები