პრესკონფერენცია პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ გამოფენასთან დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა, „არტარეას“ წარმომადგენლებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა. გამოფენა სახელწოდებით – ,,ხელოვნება მართავს“ 20-23 თებერვალს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. შალვა რამიშვილის განცხადებით, გამოფენის მიზანია, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ის, რომ საქართველოს კომუნიკაცია მსოფლიოსთან ნიჭსა და თავისუფალ შემოქმედებას უნდა ემყარებოდეს. 20 თებერვალს გამოფენის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული არიან მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ჰოლში განთავსდება 50-მდე ქართველი ხელოვანის ნამუშევრები: ფოტო, ფერწერა, გრაფიკა, აუდიო-ვიდეო არტი, პერფორმანსი და ინსტალაცია. გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს 21 თებერვლიდან 18 საათიდან 21 საათამდე შეეძლება.