„ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა ძალიან სუსტია“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამოწვევებთან დაკავშირებულ ფორუმში მონაწილეობს. როგორ ღარიბაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა, მათ შორის კერძო სექტორისაც ძალიან სუსტია. მისივე განმარტებით, ამის შედეგია ის, რომ ქვეყანაში ძალიან დაბალია დასაქმების ზრდის ტემპი.
“სამწუხაროდ, ექსპორტი არადივერსიფიცირებულია, დაბალია მისი დამატებული ღირებულება, სუსტია ახალი ბაზრებზე შეღწევისა და დამკვიდრების მაჩვენებლები. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ძალიან სუსტია ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა, მათ შორის კერძო სექტორისაც, რომელიც ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი კომპონენტია. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ქვეყანაში ძალიან დაბალია დასაქმების ზრდის ტემპი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის თქმით, ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას.
“ამ საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის რეგიონალურ განვითარებას. საჭიროა გადაიდგას თანამიმდევრული ნაბიჯები დეცენტრალიზაციის მიმართულებით და გაიზარდოს რეგიონალური ერთეულების როლი ადგილობრივი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაში. ეს იქნება საერთო ეროვნული წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი”, – განაცხადა პრემიერმა.
მისი განცხადებით, მთავრობა, მისი ეკონომიკური გუნდი მზად არის ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით.
“ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ პატივცემული ექსპერტების რეკომენდაციები და მოსაზრებები, რომლებსაც გავითვალისწინებთ ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას”, – დასძინა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები