,,მუზეუმი ექსპოზიციის მიღმა"
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა, სახელწოდებით ,,მუზეუმი ექსპოზიციის მიღმა” მიმდინარეობს. გამოფენის მიზანია, მუზეუმის საქმიანობა ფართო საზოგადოებას საგამოფენო დარბაზებს მიღმა წარუდგინოს. გააცნოს იმ ადამიანების საქმიანობა, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, დაცვასა და გადაცემას მომავალი თაობებისთვის. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ის ექსპონატები, რომლებიც სხვადასხვა დროს სახელმწიფო დაწესებულებების დროებით მფლობელობაში იყო გადაცემული, შემდეგ კი მუზეუმს დაუბრუნდა.
2013 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრატორების მონაწილეობით მოხდა როგორც ეროვნულ მუზეუმში დაცული 1200 ექსპონატის, ასევე საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული 500-ზე მეტი ექსპონატის რესტავრაცია-კონსერვაცია. ეროვნული მუზეუმი, ეკლესია-მონასტრებში დაცული ხატების რესტავრაციის მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საპატრიარქოსთანაც. გამოფენილი იქნება რესტავრირებული ექსპონატები: ქსოვილი, ქანდაკება, კერამიკა, მინა, მინიატურა, ლითონი, ფერწერული ნამუშევრები, მათ შორის, ფიროსმანის ,,ირემი” და სხვ.
გამოფენის მეორე ნაწილი დაეთმობა იმ ექსპონატებს, რომლებიც ჯერ კიდევ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნამდე დროებით სარგებლობაში იყო გადაცემული საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს იურისდიქციაში მყოფი სახელმწიფო დაწესებულებებისთვის. ესენია: არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ფერწერული ნამუშევრები, მათ შორის თენგიზ მირზაშვილის, ზურაბ ნიჟარაძის, გია ბუღაძის, გია გუგუშვილის და სხვა მხატვრების ფერწერული ტილოები.
გამოფენა – ,,მუზეუმი ექსპოზიციის მიღმა” 2 მარტამდე გაგრძელდება.