ლევან მახაშვილი: სამხრეთ კავკასიის დერეფანი მსოფლიოსთვის უკვე ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად და ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად გადაიქცა
“სამხრეთ კავკასიის დერეფანი უკვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად და ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად გადაიქცა”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შუა დერეფნის საკითხთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ შუა დერეფნის საკითხის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან სხვადასხვა დონეზე შეხვედრები აქტიურად იმართება.
„სამხრეთ კავკასია ნამდვილად ყალიბდება არ მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობად, ის უკვე გადაიქცა მსოფლიოში ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად. გადაიქცა იმის გამო, რომ დიდი სავაჭრო გზები არის დაკეტილი. ჩრდილოეთით – რუსეთ-უკრაინის გამო, სამხრეთში – ირანში მიმდინარე დაპირისპირების გამო, ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების გამო. ბუნებრივად, ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ გარემოში, სადაც ორი უზარმაზარი ეკონომიკური ცენტრი, ეს აღმოსავლეთ აზია და ზოგადად ევროპა ერთმანეთს უკავშირდებიან სამხრეთ კავკასიის საშუალებით. ეს რეგიონი გადაიქცა ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად. 2021 წლიდან შვიდჯერ არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ამ რეგიონზე, რაც ნიშნავს დატვირთვას ჩვენი აეროპორტების, სახმელეთო გზების, რკინიგზის, პორტების. ამიტომ არის გაჩენილი მოთხოვნები ახალ პორტებზე, აეროპორტებზე, გაუმჯობესება საგზაო, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის და ა.შ. როდესაც ჩვენ, მათ შორის აზერბაიჯანთან ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, აქ უნდა ითქვას აუცილებლად, რომ ეს შუა დერეფანი ცარიელი სიტყვა არ არის და უნდა იყოს შევსებული კონკრეტული რაღაცებით. როდესაც 7-ჯერ გეზრდება ტვირთბრუნვა, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი დაწოლაა შენს საბაჟოზე, პორტებზე და ა.შ. ასე რომ მაქსიმალურს ვაკეთებთ აზერბაიჯანთან ერთად, რომ როდესაც ტვირთი შემოდის პორტში, ბაქომდე ნაკლები ბიუროკრატიითა და საგადასახადო ტვირთით და ა.შ. გაიაროს ამ ტვირთმა დერეფანი. ასევე – პირიქით. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ვიზიტიც“, ,- აღიშნა მახაშვილმა.