“მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა წინასწარ როცა არის დაწერილი და სილამაზის გამო ჩამოდიან, რომ ვინმეს დაანახონ ინფორმაციის შეგროვების პროცესი – ამას არანაირი აზრი არ აქვს” – შარმანაშვილი
“მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა წინასწარ როცა არის დაწერილი და სილამაზის გამო ჩამოდიან, რომ ვინმეს დაანახონ ინფორმაციის შეგროვების პროცესი – ასეთ პროცესს არანაირი აზრი არ აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პატრიცია ჟებეკმა, “რომელმაც მოამზადა ვითომ ეს მოხსენება, განაცხადა – არ ვგულისხმობდი, რომ რაიმე სამართლებრივი პროცედურა უნდა დაიწყოსო”.
“ცოტა ხნის წინ ვთქვით, სასამართლოს რომ მიმართონ, ეს მათ სასამართლო პროცესად გადაიქცევა-თქო. მაშინ ამას ქილიკით შეხვდნენ და ახლა მისი განმარტება ნახეთ. თავად ყველაზე კარგად იციან, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ეს პროცესი კრახისთვის არის განწირული. მისი განმარტებები გადაიკითხეთ და ყველაფერს მიხვდებით. საქართველოს მთავრობამ კითხვებს განმარტებები წერილობითაც კი გადასცა, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთი სიტყვით ახსენა, რომ მთავრობისგან განმარტებები მიიღო, თუმცა მოხსენებაში მხედველობაში არანაირად არ მიუღია. მოყვანილი ფაქტები არც უარყო, არც მოსაზრებები გააკრიტიკა და არც გაიზიარა. როცა დასკვნა წინასწარ არის დაწერილი და სილამაზის გამო ჩამოდიან, რომ ვინმეს დაანახონ ინფორმაციის შეგროვება, ასეთ პროცესს არანაირი აზრი არ აქვს. რაც შეეხება კაია კალასის განცხადებას, როგორ შეიძლება „მოსკოვის მექანიზმს“ უპასუხონ, კაია კალასი საქართველოსთვის რაიმე კარგს რომ არ გააკეთებს, ვიცით, თუმცა მისი ძალისხმევა უკვე სასაცილო ხდება. მსოფლიო დარწმუნდა, რომ ეს ადამიანი არაობიექტურია. მას ამერიკიდან საერთოდ არ ხვდებიან. გადაწყვეტილებები ხალხს არ შეეხება, იმდენად უაზრო ნაბიჯებს დგამენ. თუ ასე გინდათ, ჩემს დიპპასპორტს გაჩუქებთ, საერთოდ არ მჭირდება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.