“სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია” – პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.
როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ, გარკვეული დროით, პენიტენციური დაწესებულება დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს, მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია.
აღნიშნული ფაქტი უტყუარად ადასტურებს, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო მორიგი სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – წერია განცხადებაში.