თსუ-ში ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

კრებულში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლების სხვადასხვა იურიდიულ თუ ინტერდისციპლინურ თემაზე დაწერილი სტატიებია თავმოყრილი.

კრებულის პრეზენტაციაზე თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქვეყნისთვის ნუგზარ სურგულაძის საქმიანობასა და თსუ იურიდიული სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ნუგზარ სურგულაძე ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია — პიროვნება, რომლის სახელიც ღირსეულად უკავშირდება ჩვენი იურიდიული სკოლის განვითარებასა და გაძლიერებას. გულითად მადლობას ვუხდით ყველას, ვინც იმუშავა ამ განსაკუთრებულ კრებულზე, რომელიც მის 75 წლის იუბილეს ეძღვნება. ეს გამოცემა გაჯერებულია საინტერესო და მნიშვნელოვან სამეცნიერო სტატიებით და ნათლად ასახავს იმ ინტელექტუალურ მასშტაბსა და აკადემიურ ტრადიციას, რომელსაც ჩვენი იურიდიული სკოლა ატარებს.“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კრებულის პრეზენტაციაზე აღინიშნა ნუგზარ სურგულაძის ღვაწლი ათწლეულების განმავლობაში იურისტთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში. ამავე დროს, მეცნიერს დიდი წვლილი მიუძღვის უცხოური (სპარსული, ბიზანტიური) სამართლის ძეგლების ქართულ ენაზე თარგმნის საქმეში. ასევე, მნიშვნელოვანია, პირველწყაროზე დაყრდნობით მეცნიერის მიერ შექმნილი მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, მრავალსაუკუნოვანი ირანული თუ ბიზანტიურ-ქართული სამართლებრივი ურთიერთობების, მეცნიერულ ანალიზზე დაფუძნებული სამეცნიერო წერილები და მოხსენებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები