მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ლილია ზერეკიძე 100 წლის გახდა
დღეს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ლილია ზერეკიძეს 100 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვეტერან ქალბატონს, საუკუნოვანი იუბილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და მას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
“ლილია ვასილევა-ზერეკიძე არხანგელსკში დაიბადა. მისი მამა სამხედრო იყო. 15 წლის ასაკში, ლილია, ბებიასთან, ლენინგრადში (დღეს სანქტ-პეტერბურგი), ოჯახთან ერთად ჩავიდა. სწორედ იქ მოუსწრო ლენინგარდის ბლოკადის საშინელმა დღეებმა, რომელსაც მისი მამის სიცოცხლე შეეწირა. საუკუნეს მიღწეული ქალბატონი, უემოციოდ, ბლოკადის დღეებს, დღესაც ვერ იხსენებს. ”არასოდეს დამავიწყდება ჩემი 16 წლის იუბილე, როცა 80 წლის შვილმკვდარმა ბებიაჩემმა_მამაჩემის დედამ, 10 კილომეტრი, თოვლსა და ქარბუქში ფეხით იარა და მუჭით მომიტანა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული საჩუქარი_ სამი ნატეხი შაქარი”,- ცრემლებით იხსენებს ვეტერანი ქალბატონი.
ქალბატონმა ლილიამ, ლენინგრადის უნივერსიტეტში ჩააბარა, ომის შემდეგ, ბლოკადაგამოვლილ ქალაქში დარჩა საცხოვრებლად და ჰიდროპროექტის ინსტიტუტში მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მისი მომავალი მეუღლე-ზაქარია ზერეკიძე და 1962 წელს, ჩამოვიდა საქართველოში, რომელიც ქალბატონ ლილიას ძალიან უყვარს.
როგორც თავად ამბობს, მოგონებები ომზე, მისთვის, მთელი ცხოვრების მანძილზე უმძიმესი ტრაგედიაა და მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ მის შვილებს, შვილიშვილს, მომავალ თაობას, ომისგან გამოწვეული ტკივილი, არასოდეს განეცადათ. ვეტერანი ქალბატონი, დღესაც მხნედ გამოიყურება და მომავალს იმედით შეჰყურებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ვეტერან ქალბატონს, ლილია ზერეკიძეს 100 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მხნეობას უსურვებს,”- წერია ინფორმაციაში.