პარლამენტი "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს

   პარლამენტი “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე დღეს იურიდიულ საკითხთა და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ. ცვლილებები შედის როგორც “საარჩევნო კოდექსში”, ასევე “მაუწყებლობის შესახებ”, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” და “გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” კანონებში. საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება და მთავარი სიახლე – თვითმმართველ ქალაქებში – მერების, ხოლო მუნიციპალიტეტებში – გამგებლების პირდაპირი წესით არჩევაა. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, გამგებლის ასარჩევად 33%-იანი ბარიერი, ხოლო მერების ასარჩევად 40%-იანი საარჩევნო ბარიერი წესდება. თუმცა, პრემიერის ინიციატივით, მერების ასარჩევი ბარიერი 50%-ით განისაზღვრა. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოებში პროპორციული წესით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობა ხუთით იზრდება. ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში 50%-იანი ბარიერის დამტკიცებას მიესალმება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დედაქალაქის მერობის კანდიდატად დასახელებული დავით ნარმანია აცხადებს, რომ, ბარიერის გაზრდის მიუხედავად, უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატები არჩევნებში ხმების საჭირო რაოდენობას დააგროვებენ. დავით ნარმანია თვითმმართველობების არჩევნებში მეორე ტურის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ წინასწარ ამის განსაზღვრა რთულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები