მაკა ბოჭორიშვილი: რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ ვიცით რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენებს ჩვენს ქვეყანას, რადგან არ გვაქვს უსაფრთხოების არანაირი გარანტია

რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ ვიცით რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენებს ჩვენს ქვეყანას, რადგან არ გვაქვს უსაფრთხოების არანაირი გარანტია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო ვერ და არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამას ფაქტობრივად არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთისთვის და ძალიან დიდი ეფექტი ექნება საქართველოსთვის.

„როდესაც ჩვენ სანქციებზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებზე, ჩვენი პოზიცია არის ძალიან კარგად გასაგები და ასახსნელი, თუ ვინმეს უნდა, რომ გაიგოს ეს პოზიცია. ჩვენ ვერ ვაწესებთ და არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ ამას ფაქტობრივად არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთისთვის და ექნება ძალიან დიდი ეფექტი საქართველოსთვის. მეორე, არ ვიცით რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენებს ჩვენს ქვეყანას, არ გვაქვს უსაფრთხოების არანაირი გარანტია. ჩვენი ქვეყანა არ არის არც ერთი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი. ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს არანაირი უსაფრთხოების ქოლგა. ამ პირობებში, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, რაც ოდნავ მაინც კითხვის ნიშანს გააჩენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არის უპასუხისმგებლობა. ჩვენს ქვეყანას დღეს ვერ ეყოლება და არ ჰყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. შესაბამისად, ჩვენ ვერ გადავდგამთ ვერც ერთ ისეთ ნაბიჯს, რაც ოდნავ მაინც შეარყევს ამ ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები