აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ნებისმიერ შტატს არალეგალი მიგრანტებისთვის კომერციული მძღოლის ლიცენზიის გაცემას აუკრძალავს.
ტრამპის განცხადებით, ახალი კანონი დაავალდებულებს ყველა შტატს, არ გასცენ კომერციული მართვის მოწმობები პირებზე, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან. მისი თქმით, ინიციატივა უკავშირდება რამდენიმე საგზაო შემთხვევას, რომლებიც, პრეზიდენტის მტკიცებით, არალეგალური სტატუსის მქონე მძღოლებს უკავშირდებოდა.
“ბევრი, თუ არა უმეტესობა, არალეგალი უცხოელი არ ფლობს ინგლისურ ენას და ვერ კითხულობს საგზაო ნიშნების ყველაზე საბაზისო მითითებებსაც კი – მიმართულების, სიჩქარის, საფრთხის ან მდებარეობის შესახებ. მოვუწოდებ კონგრესს მიიღოს ის, რასაც დელილას კანონს ვუწოდებთ, და რომელიც ნებისმიერ შტატს არალეგალი უცხოელებისთვის კომერციული მართვის მოწმობის გაცემას აუკრძალავს” – განაცხადა ტრამპმა.
ამ ეტაპზე დოკუმენტი ინიციატივის დონეზეა და მის ძალაში შესვლას საკანონმდებლო პროცედურების გავლა სჭირდება.
ცნობისთვის, დელილა კოლმანი 2024 წელს, ხუთი წლის ასაკში, მძიმედ დაშავდა, როდესაც არალეგალი მიგრანტი, რომელიც სატვირთოს მართავდა, მას შეეჯახა. ტრამპის თქმით, მძღოლი ქვეყანაში ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში უკანონოდ შევიდა და კალიფორნიის შტატმა მას კომერციული მართვის მოწმობა მისცა.