ბესიკ ამირანაშვილი: სატყეო რეფორმის ერთ-ერთი მიზანია ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბანზე დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.

ადგილობრივმა მკვიდრმა სახელმწიფო ტყეში უკანონოდ წიწვოვანი სახეობის 6 კუბური მეტრი სამასალე მერქანი მოიპოვა, რომლის ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.
კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, ბესიკ ამირანაშვილის თქმით, სატყეო რეფორმის ერთ-ერთი მიზანია ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება.
„სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება. რეფორმის მიხედვით, ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს უბრუნდება. შესაბამისად, დაგეგმილია ტყის მცველთა რაოდენობის გაზრდა. მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელებისთვის, დამატებით გათვალისწინებულია სააგენტოს ტექნოლოგიური გადაიარაღება თანამედროვე საშუალებებით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებს“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.