მარიამ ლაშხმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრისას განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბრისას, მარიამ ლაშხმა ყურადღება ახალგაზრდების დასაქმების საკითხებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რეფორმა ბაზრის მოთხოვნაზეა მორგებული და კერძო და საჯარო სექტორის საჭიროებებს პასუხობს.
მისივე თქმით, განათლების რეფორმა ახალგაზრდების ინტერესებთან პირდაპირ თანხვედრაშია და არსებული გამოწვევების დაძლევას უზრუნველყოფს.
„გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ის უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც საბაკალავრო პროგრამების სამწლიანი სასწავლო კურსი განათლების რეფორმამდე დაიწყო. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ 3+1 ინიციატივა საჭიროებებიდან და უკვე არსებული კარგი პრაქტიკიდან წამოსული მიდგომაა. შეხვედრაზე უმაღლესი სასწავლებლის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს როგორც უმაღლესი განათლების, ასევე ზოგადი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავაცანი. ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც სტუდენტებმა დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.