მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან ურთიერთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს, ჩარლზ კორმიერს და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს.
“შეხვედრაზე საუბარი შეეხო რამდენიმე ძირითად მიმართულებას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას ტრანსპორტის სექტორში, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გულისხმობს შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას, სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულებას, ასევე იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც მსოფლიო ბანკის უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განსახორციელებელ ინვესტიციებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე. ქართულმა მხარემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ინფორმაცია გაუზიარა პროექტის მიმდინარეობის, განსახორციელებელი ინვესტიციებისა და პორტის განვითარებით მისაღები შედეგების შესახებ, რომელიც საქართველოს სანავსადგურო წლიური ჯამური გამტარუნარიანობის მინიმუმ 600 ათასი კონტეინერით გაზრდას გულისხმობს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ანაკლიის ნავსადგურამდე მისასვლელი რკინიგზისა და საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხებზე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა იყო. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტიურ სამუშაოებს და მიღწეულ პროგრესს, მათ შორის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის ფარგლებში, ასევე განიხილეს შავი ზღვის ფსკერის კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები და ორმხრივი ინტერესების სტატუსის ფარგლებში რუმინულ მხარესთან თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა – თამარ იოსელიანმა, ინგა ფხალაძემ და ვახტანგ ცინცაძემ, ასევე მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პროგრამის, ტრანსპორტისა და მულტიმოდალური ლოჯისტიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.