ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები ქალებისთვის განკუთვნილი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის – „შემოსავლების მომტანი საქმიანობების ხელშეწყობა ქალებისთვის“ ფარგლებში შერჩეული ინიციატივები ქალების ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებასა და სოფლის მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად. კონკურსი განკუთვნილი იყო ტანასაღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები ქალებისთვის. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

კონკურსის შედეგად შეირჩა 19 გამარჯვებული პროექტი, რომელთა მხარდაჭერისთვის საგრანტო დაფინანსება ჯამში 8 475 ლარს შეადგენს. დაფინანსებული ინიციატივები ხელს შეუწყობს ტურისტული ბიზნესისა და შინამეურნეობის განვითარებას.

ტანასაღკვეთილის მიმდებარე მოსახლეობისთვის აღნიშნული საგრანტო კონკურსი მეორე ეტაპია, რაც ხაზს უსვამს პროგრამის ეფექტიანობასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესს. მსგავსი საგრანტო ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.

კონკურსი ჩატარდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტის – „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობისა და KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით.

დაცული ტერიტორიების სააგენტო, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და არსებულის გაფართოების პარალელურად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე საგრანტო პროგრამები, რომლებიც ადგილობრივებს შემოსავლების წყაროს გაჩენასა და საკუთარი საქმიანობის განვითარებაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები