არჩილ გორდულაძე – „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე: ამ ქვეყნის ავის მსურველები დაირაზმნენ, თითოეული მათი დეზინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა პირადად ამხილა, რაც დადასტურდა დღეს გავრცელებული ინფორმაციითაც, რომ ამ პროექტში საკუთრებები იმ ფასებში გაიყიდება, რა ფასებითაც არის დედაქალაქის სხვა უბნებში
როდესაც ქვეყანაში უპრეცედენტო ინვესტიცია იდება, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ავის მსურველები დაირაზმნენ, სხვადასხვა ე.წ. პოლიტიკურ პოლუსზე, მაგრამ, რეალურად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მყოფი „ლელო“ და „შავპარტიელებიც“ გაერთიანდნენ, შეტევები მიიტანეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „იგლ ჰილსის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, პირადად ამხილა ყველა დეზინფორმაცია და ეს დღესაც დადასტურდა, ვინაიდან ცნობილი გახდა, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში უძრავი ქონება იმ ფასად გაიყიდება, რა ფასიც დედაქალაქის სხვა უბნებშია.
„არაერთი დეზინფორმაცია გაავრცელეს, მათ შორის, ვითომ ხელშეკრულებაში მეჩეთებთან დაკავშირებით ჩანაწერები არსებობს, ის, რომ ფასები იქნებოდა ძალიან მაღალი, ან მხოლოდ უცხოელებზე გაიყიდებოდა, ჩვენს ქვეყანაში არაბიზაცია მოხდებოდა და სხვა არაერთი. თითოეული დეზინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირადად ამხილა, ჩვენი გუნდის წევრებმა, არაერთხელ გავაკეთეთ აღნიშნულ საკითზე განცხადებები. პრემიერ-მინისტრის მიერ ტყუილში მხილება და რეალობის გადმოცემა დადასტურდა დღეს გავრცელებული ინფორმაციითაც, რომ ამ პროექტში იყიდება და გაიყიდება საკუთრებები იმ ფასებში, რა ფასებითაც არის დედაქალაქის სხვა უბნებში და პირიქით, 1.5-ჯერ ან კიდევ უფრო იაფია ვიდრე მაგალითად, რომელიმე ცენტრალურ უბანში ერთი კვ.მ.-ის ღირებულება. დეზინფორმაციის გამავრცელებლები, არაერთხელ წაიმტვრევენ კიდევ ცხვირს თავიანთი ტყუილებით და ქვეყნის მტრობაში“, – განაცხადა გორდულაძემ.