კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს დაგეგმილი ინიციატივის მიზნებისა და სარგებლის შესახებ.
ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება კახეთის რეგიონში გურჯაანის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, დაახლოებით 40 374 ჰექტარ ფართობზეა დაგეგმილი.
კახეთის რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვნად გააძლიერებს დაცული ტერიტორიების ქსელს და ხელს შეუწყობს ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკოტურიზმის განვითარებასა და მის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას. ამასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობები.