კობა კობალაძეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და მედალი გადაეცა
24 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა წლის გამორჩეული ადამიანების საახალწლო მიღება-დაჯილდოება, რომელთა შორისაც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გახლდათ. მას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდო – საპატიო სიგელი და მედალი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ გადასცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მოწვეულთა შორის, ასევე, იყვნენ სხვადასხვა პროფესიის და გამორჩეული ბიოგრაფიის მქონე ადამიანები: მეცნიერები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, სახელმწიფო მოხელეები.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და, მათ, შემდგომ საქმიანობაში, წარმატებები უსურვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საახალწლო მიღებაზე საპატიო სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ:
ზვიად ბახუტაშვილი – ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი; გოჩა ბაკურაძე – ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; ეკატერინე ქარჩავა – საქართველოში და საზღვარგარეთ გამართული საგამოფენო კონკურსების და პრემიების გამარჯვებული-ლაურეატი, მხატვარი; ზაურ ლომთათიძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მკვლევარი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; თეიმურაზ გვანცელაძე – დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, უზენაესი საბჭოს წევრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ენათმეცნიერი-კავკასიოლოგი, აფხაზური, აბაზური და ქართული ენების მკვლევარი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; ლია ახალაძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე.