“ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რა განწყობებიც არის, იმის მიხედვით, უახლოეს წლებში, მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოსალოდნელი არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება, “მაგრამ მისამართი შეეშალათ”.
„საქმე ობიექტურ კრიტერიუმებს, მიგრაციისა და უსაფრთხოების მართვას როცა ეხება, სადაც შესაძლებლობა იქნება, ყველა მიმართულებით ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფომ ეკონომიკური ზიანი არ უნდა მიიღოს. მზად ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით, რომ საქმიანად ვითანამშრომლოთ ევროკავშირის შესაბამისს სტრუქტურებთან. პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება, მაგრამ მისამართი შეეშალათ. რამდენად რეალური ან არარეალურია უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რა განწყობებიც არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უახლოეს წლებში, ეს მოსალოდნელი არ არის მოსახლეობისთვის.
რაც შეეხება უკრაინა-მოლდოვას, არაფერი გამკვირვებია. როცა ხელოვნური, პოლიტიკური მიზანია, რომ ქვეყანა დააზიანონ, ყველა არგუმენტის აშენება სწორედ ამის გარშემო ხდება – ზოგჯერ უსამართლო შეფასებების კეთდება. მეორეს მხრივ კი, სხვების გაკეთილშობილება და გათეთრება ხდება, რათა რაღაც სხვა გადაწყვეტილებები არ მიიღონ, რადგან პრაქტიკაში რა მოხდებოდა, რომ ესაუბრათ, ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და კორუფციაზე ერთ ან მეორე ქვეყანაში? – მაშინ, შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ. დღეს, ეს არ არის პოლიტიკური მიზანი. ჩვენ ორმაგ სტანდარტებს ვხედავთ, რომ თუ პოლიტიკური მიზანია, ფაქტების დაიგნორება შეგიძლია, ასევე სხვანაირი გადაწყვეტილების მიღებაც. სამწუხაროდ, ამას დიდი ხანია, ვხედავთ. იმედია, ევროკავშირი გონივრულ და პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს და კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ შეცდომას არ დაუშვებს. ევროკავშირის მხრიდან თეორიულად ხისტი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა, კავკასიაზე, რეგიონზე მთლიანად უარის თქმა“, – განაცხადა მახაშვილმა.