ირაკლი კუპრაძე – ალეკო ელისაშვილზე: მსგავსი ქმედება ჩვენთვის ვერ იქნება მისაღები, ვერც გამართლებული, ვერც ბრძოლისა და წინააღმდეგობის სწორი ფორმა
პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს უპასუხა.
როგორც მან აღნიშნა, პარტია მაშინვე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის ქმედებას და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ქმედება ვერ იქნება „ლელოსთვის“ მისაღები და გამართლებული.
„თუ ეს ქმედება არის კავშირში ალეკო ელისაშვილთან, ჩვენ ყოველგვარი სხვების მოწოდების გარეშე, გავაკეთეთ კონკრეტული, ოფიციალური განცხადება და ვამბობთ, რომ მსგავსი ქმედება ჩვენთვის ვერ იქნება მისაღები, ვერც გამართლებული, ვერც ბრძოლის და წინააღმდეგობის სწორი ფორმა ვერ იქნება. ეს პირველივე საათებში ვთქვით, როგორც კი ვნახეთ ეს ქმედება და ბრალდება, ვამბობთ, რომ ეს ვერ იქნება წინააღმდეგობის სწორი ფორმა. კარგი რომ ყოფილიყო, როგორმე სხვებიც მოვიფიქრებდით და რამეს გავაკეთებდით, მაგრამ არ მიგვაჩნია სწორად.
„ლელოს“ ყოველთვის ჰქონდა გაცხადებული პოზიცია, რომ პროტესტს, წინააღმდეგობას, ხელისუფლების ცვლილებას – ყველაფერს, უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ფორმა, ამისთვის ჩვენ არჩევნები მიგვაჩნია ერთადერთ სწორ და ლეგიტიმურ გზად. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი გვაკრიტიკებდა, მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკური წინააღმდეგობები წყდება არჩევნების გზით და მშვიდობიანი პროტესტის გზით. როცა რაღაც ნაბიჯს დგამ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ თავად ხარ მართალი, – ჩვენ ვცადეთ დარწმუნება, არ გამოვიდა მათი [ოპოზიციის] დარწმუნება, მათ სხვა გზა აირჩიეს და, შესაბამისად, შეუძლებელი გახდა რაიმე ტიპის შეთანხმებებზე საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.