“ჯოლოხავამ მითხრა, რომ მას “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პატრიარქის დაზიანება და ერთ-ერთი მეუფის ლიკვიდაცია დაავალა“

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილ პატიმარ გოდერძი ჯოლოხავასთან შეხვერდას იხსენებს. როგორც თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა, გოდერძი ჯოლოხავამ მასთან შეხვედრისას აღიარა, რომ მას “ნაციონალური მოძრაობა“ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაზიანებასა და ერთ-ერთი მეუფის ლიკვიდაციას ავალებდა. წულუკიანის თქმით, ჯოლოხავას მონაყოლის შემდეგ, მან არჩილ კბილაშვილს ვითარებაში გარკვევა დაავალა.
“მე ქალბატონმა ინაშვილმა, როცა არჩილ კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი, მითხრა რომ ჰყავს ერთი გაუბედურებული, მოქალაქე კაცი, რომელიც ყვებოდა თუ როგორ სურდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ-ერთი მეუფის მოკვლა და პატრიარქის დაზიანება. მე ყველა მოქალაქეს ვხვდები, ვინც შესაძლოა ასეთი მსხვერპლი ყოფილიყო ყოფილი ხელისუფლების დროს. მე შევხვდი ამ ადამიანს ქალბატონ ინაშვილის თხოვნით. ის ადამიანი საშვთა ბიუროში გატარდა, ეს იყო ბატონი ჯოლოხავა, მან აღწერა ყინწვისში სხვადასხვა მოვლენები, თქვა რომ დაავალეს ეკლესიის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს ბრძოლა, თქვა რომ ის იყო საშინელ პირობებში ციხეში.
მე დავუკავშირდი კბილაშვილს და ვთხოვე, რომ შეხვედროდა ირმა ინაშვილს და ჯოლოხავას, დაეცვათ ეს ადამიანი, როგორც მოწმე. შემდეგ გავიგე, რომ ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელში ჩაიგდო და მისი მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვა არ მოხდა. პარტიის წევრები ჯოლოხავას ალაპარაკებენ იმას, რაც მათ ინტერესშია. მე მოვითხოვე, რომ თუ აღსაძრავია, აღძრან სისხლის სამართლის საქმე ჯოლოხავას ამ განცხადების გამო და გაირკვეს, იყო თუ არა ზეწოლა ჩემგან ან სხვა პირისგან მასზე. მთავარი ის არის, რომ ჯოლოხავას მსგავსი გაუბედურებული, დასაცავი ადამიანები ძალიან ბევრია საქართველოში, რომელებიც ყოფილი ხელუფლების დროს, ბაჩო ახალაიას რეჟიმის დროს გაუბედურდნენ ციხეში. მე ვიყავი ასეთი ადამიანების გულშემატკივარი და მათ რიცხვში ბატონ ჯოლოხავასაც მოვიაზრებ“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პატიმარმა გოდერძი ჯოლოხავამ, რომელმაც ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას წინააღმდეგ პატიმრების წამების საქმეზე ჩვენება მისცა, შემდეგ ნათქვამი უარყო და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილ მთავარ პროკურორი არჩილ კბილაშვილი და ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები