ირინა გორდელაძე – „BARTA არის გამჭვირვალობის ოსკარი ქართულ ბიზნესში“
საქართველოში დაიწყო კონკურსი – BARTA 2025 „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“, რომელიც მიზნად ისახავს ანგარიშგების მაღალი სტანდარტებისა და გამჭვირვალობის კულტურის დანერგვას ქართულ კომპანიებში.
მსოფლიო ბანკის მართვის საკითხებში უფროსი კონსულტანტის, ირინა გორდელაძის თქმით, კონკურსის მთავარი ამოცანაა ბიზნესსექტორში ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესება და საჯარო ინტერესის მქონე კომპანიებისთვის გამჭვირვალობის სტიმულირება.
„პროექტის მიზანია ანგარიშგების გამჭვირვალობის გაუმჯობესება და ამაღლება ქართულ კომპანიებში. კონკურსი ღიაა საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისთვის, ასევე, პირველი კატეგორიის, ანუ მსხვილი საწარმოების და ჯგუფებისთვის,“ – აღნიშნა გორდელაძემ.
მისი განმარტებით, მონაწილე კომპანიებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა ოფიციალური ვებგვერდის – barta.ge-ს საშუალებით.
გორდელაძე, ასევე, ხაზს უსვამს კონკურსის მნიშვნელობას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების ჩართულობის კუთხით. მისი თქმით, ანგარიშგებების შეფასებას განახორციელებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც შედგება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტებისგან.
„ჟიური, რომელიც შედგება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან, დამოუკიდებლად შეაფასებს ანგარიშგებებს, რომლებიც ამ პერიოდში შემოვა. დაჯილდოების ცერემონია იქნება საზეიმო. ჩვენ მას ვეძახით გამჭვირვალობის ოსკარებს,“ – განაცხადა მან.
BARTA 2025-ის გამარჯვებულები 2026 წლის თებერვალში გამოვლინდებიან. ღონისძიება, ტრადიციულად, გააერთიანებს კომპანიებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ანგარიშგების მაღალი სტანდარტების დანერგვას უჭერენ მხარს.