რა ფაქტების გასაჯაროებას გეგმავს ზაზა დავითაია? – ბესელია სამართალდამცავებს საქმის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს

   ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის დაწყებისას, კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ჟურნალისტ ზაზა დავითაიას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის სწრაფი და ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.
„როგორც ზაზა დავითაიამ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, მას აქვს კონკრეტული ფაქტები და სამხილები, რომლითაც ის ადასტურებს, რომ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ავტორი წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთან არის დაკავშირებული და იგი ამ ფაქტებს მალე გაასაჯაროებს. უკვე დაკავებულია ერთი პიროვნება, თუმცა ჯერ არ ვრცელდება ოფიციალური ვერსია, თუ რატომ მოხდა ეს ძალადობა. ჩემი ვარაუდით, ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებულ ორ თავდასხმას შორის ლოგიკური კავშირი არსებობს და ამიტომაც უსწრაფესად არის საჭირო ამ ფაქტების გამოძიება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ გამოძიების დაწყება კიდევ ერთ ფაქტზე მოითხოვა.საქმე ეხება კომიტეტის წევრის, აკაკი მინაშვილის მიერ ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეზე განაჩენის გამომტანი მოსამართლის მისამართით გაგზავნილ შეურაცხმყოფელ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
„არსებობს კანონი მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი კომუნიკაცია იკრძალება და ამ ნორმის დარღვევა შესაბამისი ზომებით ისჯება. აღნიშნული ფაქტი კი ის შემთხვევაა, რომელიც გამოძიების ჩატარებას საჭიროებს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები