ე.წ. ყვითელი ავტობუსიდან შავკანიანი მამაკაცის ჩამოგდებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

გუშინ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ფერადკანიანი მგზავრის ჩამოგდების ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის გამო, არსებითად ადამიანის უფლების ხელყოფას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხული იქნება მოქალაქე, რომელმაც სოციალურ ქსელში აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ფერადკანიანის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია მწერალმა ლელა კოდალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ქართველების დიდი ნაწილი ხომ ისედაც ფიზიოლოგიური ზიზღით უყურებდა შავკანიანებს და მათთან ტრანსპორტში უნებურად შენახებ ადგილებს სახლში მოსვლისას სპირტით იწმენდდა… ახლა კი, ამ ებოლათი დაბოლილმა ქართველებმა საბოლოოდ აიწყვიტეს… დღეს, პავლოვზე, ავტობუსიდან გადმოაგდეს შავკანიანი ბიჭი. მძღოლმა სპეციალურად გააჩერა და საშუალება მისცა მგზავრებს, გადმოეგდოთ და თვითონაც მიაყოლა ერთი-ორი წიხლი. ამაოდ ყვიროდა ის ბიჭი, აი ემ ფრენჩ!-ო… ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს, ჩვენმა ვაჟკაცებმა საამაყო გურჯულ-ნაციონალური გინებაც მოაყოლეს, დავარდნილი ზურგჩანთაც თავში ესროლეს… მანდილოსნის შეყვირებაც ჩამესმა: ,,ღმერთო, შენ დაგვიფარე ებოლასაგან და ამ მაზუთიანებისაგან”… მეორე ქალი: ,,პიჯაკი რომ ჩაუცვია ამ გორილას”… ამის მერე კი ავტობუსი ამერიკული „ბოევიკის“ პერსონაჟი ,,კადილაკივით“ მოწყდა ადგილს და გაუჩინარდა. დავარდნილი ბიჭი სანამ წამოდგებოდა, იქ მდგომნი შემოეცალნენ და, ვითარცა ქართველთ წესია, როგორც უცხო, ბინძურ, აქოთებულ ცხოველს, ისე დაუწყეს შორიდან ამრეზით ყურება“,- წერს ლელა კოდალაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები