კოტე კუბლაშვილმა აკაკი მინაშვილის მესიჯებზე კომენტარი გააკეთა

ნაციონალური მოძრაობის წევრის“ აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი სატელეფონო შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ეხმაურება. კოტე კუბლაშვილის განცხადებას უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. თავად კუბლაშვილი ამჟამად თურქეთში იმყოფება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციას და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ყოველთვის კეთდებოდა მყისიერი და ძალიან მკაცრი განცხადებები, როცა მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას ან სასამართლოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებას ჰქონდა ადგილი.
“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახლავთ აპოლიტიკური ფიგურა და იგი ყოველთვის დაიცავს როგორც მოსამართლის, ასევე სასამართლოს იმიჯს, იმის მიუხედავად, თუ ვინ დგას სასამართლოს იმიჯის შემლახავი განცხადების უკან. სასამართლო ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მოსამართლეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან სწორედ სასამართლოს პატივისცემა გახლავთ ის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. სასამართლოს მიმართ ნიშნისმოგებით და ცინიკური განცხადებებით საუბარი სამართლებრივი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელი არ არის.
ამ მხრივ კი სწორედ იუსტიციის მინისტრი გამოირჩეოდა. იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ჩვენი საზოგადოება უფრო მეტი პატივისცემით და ნდობით განეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტიტუციის – სასამართლოს მიმართ, – ნათქვამია კოტე კუბლაშვილის განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლისთვის მიწერილ სატელეფონო შეტყობინებას დღეს გამოეხმაურა.
წულუკიანის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ვერ იშლის მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას, რაც მინისტრის შეფასებით ძალიან სავალალოა.
“არის თუ არა ბატონი მინაშვილის მიერ მიწერილი ტექსტი მოსამართლეზე ზეწოლა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეწერა ამ ტექსტში. ამას შესწავლა სჭირდება, თვითონ ფაქტი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ იშლის მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას, როგორც ამას წარსულში აკეთებდა, რა თქმა უნდა, არის ძალიან სავალალო. მე, ამ მხრივ ველოდები პირადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალიან მკაცრ განცხადებას, რაც დაამტკიცებდა იმას, რომ ის საკუთარი პარტიის წევრებსაც აკრიტიკებს, როდესაც მოსამართლეებზე საუბრობენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ აკაკი მინაშვილმა მოსამართლისადმი გაგზავნილი მესიჯი გაასაჯაროა.
“ გთავაზობთ ჩემს გზავნილს “მოსამართლე” ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ – “ვისაც გინდა ანახე ეს გზავნილი – მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი, ყველას მონა ხარ!”, – ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს!” , – განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები