“საქართველოში შექმნილია გამჭვირვალე, მოქნილი და ახალ ფინანსურ სერვისებზე ორიენტირებული მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ამცირებს ბარიერებს ახალი მოთამაშეებისთვის და იცავს ფინანსურ სტაბილურობას” – პაპუაშვილი

“საქართველოში შექმნილია გამჭვირვალე, მოქნილი და ახალ ფინანსურ სერვისებზე ორიენტირებული მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ამცირებს ბარიერებს ახალი მოთამაშეებისთვის და ამავდროულად იცავს ფინანსურ სტაბილურობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისის ფინანსური სამიტის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

უფრო ზუსტად, მისი განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივებმა, როგორიცაა ციფრული ბანკების ლიცენზირების რეჟიმი, ღია ბანკინგი, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო და სხვა, ხელი შეუწყო ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციას.

“აღნიშნული ინიციატივები და მარეგულირებელი ჩარჩო საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში სტაბილურად განვითარდეს როგორც ტრადიციული საბანკო სექტორი, ასევე, საშუალება მიეცეთ ახალ დაინტერესებულ მხარეებს, დაიმკვიდრონ ადგილი საფინანსო სექტორში.

ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ღონისძიება წაახალისებს რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებს ფინანსური ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და რეგიონის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები