საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ სლოვაკეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ, მისი თავმჯდომარის,ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, სლოვაკეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა. ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები სლოვაკეთის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე რიხარდ გლუკს,განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე პაულა პუშკაროვას და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხალ სტუშკას შეხვდნენ.
“სლოვაკეთის პარლამენტში გამართული შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემები უსაფრთხოების საკითხები, შიდა პოლიტიკური პროცესები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები იყო. სლოვაკეთის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომისგან მომდინარე საფრთხეები და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველოსა და სლოვაკეთში რეგიონში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების გამო არსებობს.
სლოვაკეთის პარლამენტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ორივე ქვეყანაში არსებულ განათლების პრობლემატიკასა და სასკოლო რეფორმაზე ისაუბრეს, რომელსაც სლოვაკეთი ახორციელებს და მის დადებით შედეგებზე. ქართული დელეგაციის წევრებმა კოლეგებს საქართველოში განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ხედვა გაუზიარეს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, სადაც საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქართველოსთან მიმართებით ევროპული ინსტიტუტების მხრიდან არსებულ უსამართლო მიდგომაზე ისაუბრეს. სლოვაკეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების, სხვა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და სექტორული თანამშრომლობის მიმართ მხარდაჭერა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი,”- წერია ინფორმაციაში.