ედიშერ გვენეტაძე: ავაზაკური ქმედებები, რასაც სჩადიან ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დასავლეთის ელჩები, განპირობებულია იმ დავალებებით, რომლებიც მათ მიღებული აქვთ უსაშინლესი ძალის – „დიფ სტეიტისგან“
ავაზაკური ქმედებები, რასაც სჩადიან ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დასავლეთის ელჩები (უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით), განპირობებულია იმ დავალებებით, რომლებიც მათ მიღებული აქვთ უსაშინლესი ძალის – „დიფ სტეიტისგან“ და ამ ძალის მიერ მარიონეტებად ქცეული საკუთარი ქვეყნების მთავრობებისგან, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.
მისი თქმით, ამ პროცესში ჩართული დიპლომატები ევროკავშირის ელჩის ჰერჩინსკისა და გერმანელი ელჩ ფიშერის მეთაურობით თავხედურად უგულებელყოფენ ყოველგვარ დიპლომატიურ ნორმებს.
„სულ ვამბობდი, რომ ის ავაზაკური ქმედებები, რასაც სჩადიან ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დასავლეთის ელჩები, უნგრეთის და სლოვაკეთის გამოკლებით, განპირობებულია იმ დავალებებით, რომელიც მათ მიღებული აქვთ უსაშინლესი ძალის “დიფ სტეიტისა” და ამ ძალის მიერ მარიონეტებად ქცეული საკუთარი ქვეყნების მთავრობებისაგან.
ამ პროცესში ჩართული პირადად ჩემთვის აწ უკვე ე.წ. დიპლომატები, ევროკავშირის ელჩის ჰერჩინსკისა და გერმანიის ელჩ ფიშერის მეთაურობით, თავხედურად უგულებელყოფენ ყოველგვარ დიპლომატიურ ნორმებს, წესებს, ქცევებს, ეთიკას, ნორმებს.
საქართველოში “დიპ სტეიტის” მიერ აგრესიულ დიპლომატებად და ადგილობრივი მეხუთე კოლონის მფარველებად ქცეული ეს ადამიანები აშკარად დღისით-მზისით თუ ღამე ფარულად იბარებენ, ხვდებიან, მხარს უჭერენ, აგულიანებენ, აფინანსებენ, საზოგადოებაში დიდი ეჭვია კიდევაც, რომ აიარაღებენ იმ სუბიექტებს (ამის ნათელი დადასტურება იყო, ევროკავშირის გამოყოფილი გრანტებით მომიტინგეების მოლოტოვის კოქტეილებით დაფინანსება და შესაბამისად მომარაგება), რომლებიც უკვე მერამდენე თვეა არჩევნების ნაცვლად ცალკეულ პიროვნებებს თუ ტერორისტულ, ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფებს აშკარად მოუწოდებენ სახელმწიფო გადატრიალებისკენ და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ.
ბუნებრივია ისმის კითხვა, რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში სახელმწიფომ და ხელისუფლებამ. მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ ეს ელჩები გაძევდნენ საქართველოდან და აქვე – კი მაგრამ, რა იქნება შედეგი? ხაზგასმით აღვნიშნავ, არც არაფერი – ერთ ჰერჩინსკს და ფიშერს შეცვლიან აბსოლუტურად იგივე მეორე ჰერჩინსკი-ფიშერით… იგივე იქნება სხვა დასავლელი ელჩების მიმართაც. ვინაიდან, როგორც ზაზა შათირიშვილი დღევანდელ მორიგ წერილში აღნიშნავს, ისინი დამოუკიდებლად კი არა, “დიპ სტეიტის” მიერ მარიონეტებად ქცეული საკუთარი მთავრობების პირდაპირი დავალებებითა და ინსტრუქციებით მოქმედებენ. ამიტომაც ამ ნაწილში ჩემ მხრივ დავამატებდი საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებას: “შესაკრებთა ადგილის შეცვლით, ჯამი არ იცვლება”.
მაშ როგორ უნდა ვიმოქმედოთ?
ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ამ დრომდე მოქმედებდა ანუ საყოველთაოდ მიღებული დიპლომატიური ეტიკეტების უმკაცრესი დაცვით – ცალმხრივი მეგობრობით იმ ქვეყნების მიმართ, რომელთა ელჩები ასე შეურაცხყოფენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, უხეშად ერევიან ჩვენი ქვეყნის შინაურ საქმეებში, მხარს უჭერენ და მფარველობენ მათივე ფრთებქვეშ არსებულ მეხუთე კოლონას. იმავდროულად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, დოკუმენტური მასალებით მკაცრად ამხილოს ის უბინძურესი მეთოდები და ხერხები, რომელსაც ეს დიპლომატიურ სამსახურში მყოფი, მაგრამ “დიპ სტეიტის” ხელის მსახურად გადაქცეული ეს ქალბატონები და ბატონები სჩადიან საქართველოში ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ, რითაც უგულებელყოფენ და ფეხქვეშ თელავენ ცალკეულ კონვენციებს და საყოველთაოდ მიღებულ წესებს.
ქართული საზოგადოება კი, როგორც აქამდე, დაწყებული 2012 წლიდან, კიდევ უფრო მტკიცედ უნდა დადგეს მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან, რათა ერთად დავამთავროთ ის უბედურება, რასაც ჩვენს ქვეყანაში გარე გადამთიელები თუ შინა ავაზაკები საქართველოს დასაქცევად ატრიალებენ და სჩადიან აგერ უკვე 35 წელია”, – წერს ედიშერ გვენეტაძე.