დავით ქართველიშვილი: დასავლეთი ვერ გვპატიობს, რომ სუვერენული ქვეყნის ხელისუფლება „ბედავს“ ევროპული ცივილიზაციის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნის ელჩის დაბარებას
„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის დაბარების საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ელჩის დაბარება, როცა მის მიმართ არსებობს კითხვები, დიპლომატიაში მიღებული ფორმაა.
დავით ქართველიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანიის ელჩის დაბარება აქამდეც უნდა მომხდარიყო და ამის მიზეზად ის ფაქტიც მიიჩნია საკმარისად, როდესაც რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე გერმანელი დეპუტატი მიხაილ როთი სხვა უცხოელ კოლეგებთან ერთად საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა.
„რა არის დასავლეთის „აღშფოთებული შეშფოთების“ საგანი – ვერ გვპატიობენ იმას, რომ მესამე სამყაროს „ვერშემდგარი სახელმწიფოს დახარვეზებული ხელისუფლება“ ბედავს ევროპული ცივილიზაციის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას. ანუ, ჩვენ მივმართავთ უწყინარ დიპლომატიურ ნაბიჯს, რომელიც გაწერილია ამა თუ იმ ქვეყნის საელჩოებთან ურთიერთობების ფორმაში. როდესაც ვენის კონვენციაზე მიდის საუბარი, მაგონდება ფილმი „თარგმანში დაკარგულები“ და მექმნება შთაბეჭდილება, რომ მათ ჰგონიათ ჩვენ კითხვა არ ვიცით და ვენის კონვენციას დედანში ვერ ვკითხულობთ. შესაბამისად არ ვიცით რა ევალებათ ელჩებს და რა ეკრძალებათ მათ. ან ეჭვი მაქვს, რომ ჰგონიათ ქართულად არ ითარგმნება სწორად აღნიშნული კონვენცია“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად დიპლომატის დაბარების პრეცედენტი დაფიქსირდა, როცა საგარეო უწყებამ ბრიტანეთის ელჩი დაიბარა და მას კითხვები დაუსვა. თუმცა აქვე ისიც დასძინა, რომ პრეტენზიების გამოთქმის გარდა, არსებობდა იმის პრეცედენტი, როცა ბრიტანეთის ელჩმა 2022 წელს საქართველოს პოზიცია დაიცვა, როცა ქვეყანას რუსეთთან აკრძალული პროდუქციის გადასატანად შავი ხვრელების არსებობაში ადანაშაულებდნენ.
„ჩვენ სადაც შეგვიძლია ყოველთვის ვაქებთ ელჩებს, მაგრამ როცა კითხვები გვაქვს სად დავიბაროთ, ვაკის პარკში, თუ საგარეო საქმეთა სამინისტროში? და რა, დასაბარებელი არ იყვნენ აქამდე? რამდენი მათი დეპუტატი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვიხილეთ რუსთაველზე, რომლებიც პირდაპირ დგებოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდებებით. იგივე მიხაილ როთის გამო, ერთხელ მაინც არ იყო პირდაპირ დასაბარებელი ბატონი ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში?“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.