„ფაქტია, რომ ქვეყნის საფრთხეების წინასწარ გასათვლელად ინსტიტუციები არ მუშაობს“

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის და თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ქვეყნის უშიშროებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და მთავრობის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
ქუთელიამ ინსტიტუტების გაუმართავი მუშაობის გამო ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი განცხადებით, უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოები ერთმანეთთან კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ და საფრთხეების წინასწარ გათვლას ახორციელებდნენ.
„სახელმწიფოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, როგორც სხვა პოლიტიკური მიმართულებები, კოორდინირებული უნდა იყოს. ამას ინსტიტუტების გამართული მუშაობა სჭირდება. ასეთი ინსტიტუტები ჩვენს სახელმწიფოში შექმნილია სხვადასხვა ფორმატით – ასეთია უშიშროების საბჭო და კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭო. ამ ინსტიტუტებმა უნდა დაგეგმონ, სცენარები და საფრთხეები წინასწარ გათვალონ, საფრთხეების შეფასების კონცეპტუალური დოკუმენტების შეადგინონ და ამ დოკუმენტებზე დაფუძნებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ. ფაქტია, რომ ინსტიტუტები არ მუშაობენ და გადაწყვეტილებები არაინსტიტუციონალურად მიიღება. ეროვნული უსაფრთხოება ერთი მთლიანი განზომილებაა. უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა დაიგეგმოს, მთლიანობაში არ შეიძლება ცალკეული უწყებები ამ დაგეგმარებიდან გამოითიშოს. ყველას აქვს უსაფრთხოების საკითხისადმი თავისი უწყებრივი ხედვა, მაგრამ პოლიტიკა უკვე ამის შეჯერების ფონზე უნდა შემუშავდეს. ეროვნული უსაფრთხოების განხორციელებას სხვადასხვა დონე აქვს. დაგეგმვა ხდება ჯერ კონცეპტუალურ და სტრატეგიულ დონეზე, შემდეგ არის სტრატეგიული დოკუმენტების და ოპერატიული დონე. როგორ გადაანაწილებენ ამ ფუნქციებს, ეს უკვე მთავრობის პასუხისმგებლობაა“,- აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.
ქუთელიას განცხადებით, უშიშროების საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს შორის ერთიანი ხედვა უნდა იყოს, ფუნქციები კი ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ამ ორმა საკოორდინაციო ორგანომ ერთმანეთი შეავსოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები