GITA-ს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეები ფინალური ეტაპისთვის ემზადებიან
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 -ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, 2025 წლის 14 მარტს მეთოთხმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცამეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 255 სტარტაპი დაფინანსდა.
ინფორმაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
“დაინტერესებულ პირებს 14 მარტიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge-ის მეშვეობით წარედგინათ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასება განახორციელეს კონტრაქტორმა ექსპერტებმა. კონკურსით შერჩეული საუკეთესო 150 სტარტაპი გადამზადდა ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირების და ბაზრის კვლევის მიმართულებით.
შემდგომი საფეხური მოიცავდა პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას. განაცხადების შეფასება განახორციელეს საერთაშორისო ექსპერტებმა, როგორც ბიზნეს გეგმის შეფასებით, ასევე გასაუბრებით, რის შედეგადაც გამოვლინდა 50 ფინალისტი.
დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად, სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული მენტორები მოამზადებენ:
Alfredo Coppola – აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center) ერთ-ერთი დირექტორი. მან საფუძველი დაუდო სილიკონ ველის აქსელერატორის პროგრამას Go Global. ფლობს ბიზნესის განვითარების და მენეჯმენტის კონსულტანტის 20 წელზე მეტ გამოცდილებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში. კარიერის განმავლობაში კონსულტაცია გაწეული აქვს 150-ზე მეტი ადრეული ასაკის ტექნოლოგიური კომპანიისთვის.
Gail Christine Gannon – Wave Edge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté LLC-ს დამფუძნებელი. აქვს მენტორინგისა და დამწყები მეწარმეების მხარდაჭერის 15-წლიანი გამოცდილება; ეხმარება კომპანიებს, აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი, მოიპოვონ გრანტები და დაარწმუნონ ინვესტორები. ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს (T.H. Chan School of Public Health). რეგულარულად მონაწილეობს ბიოტექნოლოგიებისა და ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და საინვესტიციო ფორუმებში.
Bob Upham – ინტერნეტ ბიზნესის განვითარების გამოცდილი პროფესიონალი, ექსპერტი სტრატეგიულ პარტნიორობებსა და ალიანსებში, API ლიცენზირებაში. არის Santander InnoVentures-ის, UC Berkeley-ის Sutardja Center for Entrepreneurship and Technology-ის, Cyberport Hong Kong-ის მენტორი და მრჩეველი. 2016–2019 წლებში იკავებდა VISA-ს ციფრული პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას.
Swapnil Amin – ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილი აღმასრულებელი დირექტორი, პროდუქტის სტრატეგი და სტარტაპ მრჩეველი, რომელსაც ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, საავტომობილო, ციფრული ჯანდაცვის და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები Tesla-ში, Amazon Alexa-ში, Genentech-სა და SoftBank Robotics-ში, სადაც შექმნა და გააფართოვა ინოვაციური პლატფორმები აპარატურულ და პროგრამულ ეკოსისტემებში.
Amy Peck – გამოცდილი კონსულტანტი, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე განვითარებული ტექნოლოგიების გამოყენებას ორგანიზაციული განვითარების სრულყოფის პროცესში. 2015 წელს დააფუძნა კომპანია EndeavorVR, Spatial Computing Consultants, რომლის დღევანდელი ხელმძღვანელიც თავად არის. მისი კლიენტების რიცხვში შედის ისეთი გლობალური ბრენდები, როგორებიც არიან „Amazon“, „Visa“, „Toyota“, „US Navy“ და სხვები. კომპანია სთავაზობს დამკვეთებს ციფრული ტრანსფორმაციის და ინოვაციური განვითარების სტრატეგიებს.
გამარჯვებულები 2025 წლის 17 სექტემბერს გამოვლინდებიან – სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.
პროგრამის მიზანია, საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება”, – წერია ინფორმაციაში.