„ლიტერატურა იალაღებზე“ – ლიტერატურული ფესტივალი აჭარის მაღალმთიანეთის სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს

ლიტერატურული ფესტივალი „ლიტერატურა იალაღებზე“, რომელიც 22 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა და 26 ივლისამდე გასტანს, აჭარის მაღალმთიანეთში სხვადასხვა ადგილზე გაიმართება.
ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი მიზანია მთიანი აჭარის იალაღების ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, მთაში კულტურის გაძლიერება, უძველესი წეს-ჩვეულებებისა და ეზოს თამაშების აღდგენა, გაციფრულება, კლასიკოსებისა და სახალხო მთქმელების გაერთიანება, ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, ასევე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლება და ციფრულ ფორმატში შენახვა.
„ფესტივალის პირველ და მეორე დღეს ღონისძიებები ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტის ოთხ ადგილზე –  სამსმელოს, ცივტბის, თეთრობისა და დიდი იაილის მთებზე, სადაც წარმოდგენილი იყო პოეზია, ადგილობრივი ტრადიციების ამსახველი ინტერვენციები და სხვა პერფორმანსები.
ფესტივალის შემდგომი აქტივობები დაგეგმილია შუახევის მუნიციპალიტეტის იალაღებზე, კერძოდ თაპატარასა და თაგინურის მთებზე, ხოლო დასკვნითი ღონისძიებები ქედის მუნიციპალიტეტში, ნაკონაღვრის მთაზე გაიმართება.
ფესტივალი აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, ნიჭიერ ახალგაზრდა შემოქმედებსა და ადგილობრივ მოსახლეობას. ხელს უწყობს, როგორც კულტურულ ინტეგრაციას, ასევე ადგილობრივი თვითმყოფადობის წარმოჩენას, შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას“, – აღნიშნულია აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები