ავთანდილ გულიკაშვილი საგანმანათლებლო-ისტორიული პროექტის “დიდგორელის” ფინალურ დაჯილდოებას დაესწრო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი საგანმანათლებლო-ისტორიული პროექტის “დიდგორელის” ფინალურ დაჯილდოებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე ავთანდილ გულიკაშვილმა ორგანიზატორებს, მოსწავლეებს და პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
“პროექტი, რომელიც ისტორიული მემკვიდრეობის გააზრებას ემსახურება, შეუცვლელია იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც სურს ძლიერად იდგეს საკუთარ ფესვებზე და მომავლისკენ მტკიცედ გაიხედოს. „დიდგორელი” არა მხოლოდ ისტორიის გაცნობას ემსახურება, არამედ ახალგაზრდების მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებასაც. დღეს თითოეულმა თქვენგანმა დაამტკიცა, რომ არის მზრუნველი, ცნობისმოყვარე და პასუხისმგებლიანი მოქალაქე.
თქვენ არა მხოლოდ ისტორიის ფაქტები დაიმახსოვრეთ, არამედ გულისხმიერად გაეცანით იმ ადამიანების ღვაწლს, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და იდენტობის საფუძვლები შექმნეს.
მადლობა თითოეულ მენტორს, პედაგოგსა და მშობელს, ვინც ამ პროცესში ახალგაზრდებს მხარში დაუდგა”, – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.
ღონისძიების ბოლოს, ” დიდგორელის” გამარჯვებულად საგარეჯოს მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე, ლუკა კავთუაშვილი დასახელდა, რომელმაც პროექტის ორგანიზატორებისგან საჩუქრად 6 თვიანი სტიპენდია მიიღო.