ნინო ლაცაბიძე – რუსთავის მერიის გუნდი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის – მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის განხორციელებას ვიწყებთ

რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.
ინფრასტრუქტურული პროექტის დეტალები, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მესხიშვილის ქუჩის მოსახლეობას, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფროს ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გააცნო.

,,რუსთავში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 56 კორპუსს ჩაუტარდა გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. რუსთავის მერიის გუნდი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის – მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის განხორციელებას ვიწყებთ. დღეს, მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრა, აღნიშნულ ქუჩაზე, გამაგრება-რეაბილიტაცია ჩაუტარდება იმ კორპუსებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყო მოსაწესრიგებელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს საცხოვრებელი კორპუსები გახდება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიზუალური სახე გაუმჯობესდება და შეიცვლება. ფასადების რეაბილიტაციის პროცესში, ენერგოეფექტური მასალების გამოყენება მოხდება და ამით ჩვენი მოსახლეობის კომუნალური ხარჯები დაიზოგება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია, პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მესხიშვილის N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია მოხდება. განხორციელდება ფასადების თბოიზოლაციური მასალით შეფუთვა, რაც საცხოვრებელი კორპუსის ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს. პროექტით ასევე გათვალისწინებულია მეტალოპლასტმასას ახალი ფანჯრების მოწყობა და აივნების სრული რეაბილიტაციაც.

ბოლო ოთხ წელიწადში, რუსთავში, 56 კორპუსს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე, სამუშაოები 6 საცხოვრებელ კორპუსს უტარდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 2 498 787 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები