ჯანმო ქვეყნებს თამბაქოსა და ალკოჰოლზე ფასების გაზრდისკენ მოუწოდებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) მოუწოდებს ქვეყნებს, 2035 წლისთვის თამბაქოს, ალკოჰოლსა და შაქრიან სასმელებზე რეალური ფასები მინიმუმ 50%-ით გაზარდონ, – ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დღეს ახალი, მასშტაბური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ჯანდაცვის გადასახადების მეშვეობით, ქვეყნებს მოუწოდებს, 2035 წლისთვის თამბაქოს, ალკოჰოლისა და შაქრიანი სასმელების რეალური ფასები მინიმუმ 50%-ით გაზარდონ, რათა ქრონიკულ დაავადებებს ებრძოლონ და სამთავრობო შემოსავლები გაზარდონ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ჯანმო-ს მონაცემებით, თამბაქოს, ალკოჰოლისა და შაქრიანი სასმელების მოხმარება ხელს უწყობს არაგადამდები დაავადებების, მათ შორის გულის დაავადებების, კიბოს და დიაბეტის ეპიდემიის გავრცელებას, რომლებიც მსოფლიოში სიკვდილიანობის 75%-ზე მეტს შეადგენს.
„ერთ-ერთმა ბოლოდროინდელმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ამ პროდუქტებზე ფასების ერთჯერადი 50%-ით ზრდა მომდევნო 50 წლის განმავლობაში 50 მილიონი ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილებას შეძლებდა“, – ხაზგასმით აღნიშნავს ორგანიზაცია.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012-დან 2022 წლამდე თითქმის 140-მა ქვეყანამ გაზარდა თამბაქოზე გადასახადები, რამაც რეალური ფასები საშუალოდ 50%-ზე მეტით გაზარდა, რაც „მასშტაბური ცვლილებების პოტენციალზე მიუთითებს“.