თამთა მეგრელიშვილი: პოლიტიკური ფეილის შიშით არ სურთ რადიკალებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დაუძინებელი მეგობრებისგან კონკრეტული დავალების მიღებამდე, პოლიტიკურად ჩაძირულნი, სირაქლემას პოზიციაში დგანან
პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება ეროვნულად გამოკვეთილი და პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკური ელიტა და ლიდერები. ამ ფორმით ქართული პოლიტიკური სივრცის ყველაზე სწორი მოთამაშე, დღეს, მოქმედი ხელისუფლება და პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალაა”- წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ადგილობრივი არჩევნების მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება ადასტურებს, რომ ისინი ხვდებიან, რომ ეს არჩევნები მათთვის 26 ოქტომბრის გამეორება იქნება.
„ქართული პოლიტიკური სივრცის ინსტიტუციური დიზაინი ჯერჯერობით არ ატარებს სტაბილურ ხასიათს და თავისი სტრუქტურითა და ღირებულებითი პლატფორმით მოუწესრიგებელ ველს წარმოადგენს.
ქართულ პოლიტიკურ ინსტიტუციურ აქტორებს აკლიათ პრაგმატიზმი და კონსენსუალური მიდგომების კულტურა, რაც პოლიტიკურ პროცესში ექსტრემისტულ და ავანტიურისტულ მიდგომებს აძლიერებს, შესაბამისად ქართული პოლიტიკური ოპოზიციის ფუნქციური სტრატეგია მხოლოდ დესტრუქციულობა და რევოლუციური სცენარებია. ანუ მათ მიერ კეთდება პოლიტიკა პოლიტიკის მიღმა მაშინ, როცა თანამედროვე ქართული პოლიტიკური სცენა მოითხოვს ახალ ოპოზიციურ ინსტიტუციურ აქტორულ სისტემას, რომელიც რაციონალურობასა და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე იქნება დამყარებული. ამიტომ, საზოგადოება რაციონალური პოლიტიკური აქტორის ძიებაშია, რომელიც უფრო კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე იქნება ორიენტირებული.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება ეროვნულად გამოკვეთილი და პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკური ელიტა და ლიდერები, რომლებიც თანამედროვე გლობალური და ეროვნული აზროვნებით გამოირჩევიან. ამ ფორმით ქართული პოლიტიკური სივრცის ყველაზე სწორი მოთამაშე დღეს მოქმედი ხელისუფლება და პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალაა”.
ორივე პოლიტიკურმა აქტორმა მოახერხა გამოეკვეთა დემოკრატიული ტრანზიტის ღირებულებითი პრიორიტეტები და დაანახა საზოგადოებას ოპოზიციაში არსებული მასობრივი ფსიქოზი და ის თუ რის ფონზე იქმნება მუდმივი დაძაბულობისა და დესტრუქციულობის კლიმატი.
ბოლო წლებში იყო რევოლუციის არაერთი მცდელობა:
2020 წელს რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა რევოლუციის მოწყობა;
2021 წელს ბარიკადებზე ჟურნალისტები ავიდნენ, მაგრამ მათი მცდელობაც მცდელობად დარჩა;
2022 წელს რევოლუციურ პროცესს არასამთავრობო სექტორი ჩაუდგა სათავეში, მაგრამ ესეც წარუმატებელი გამოდგა;
2024 წელი კი ძალიან მწვავე და ღია დაპირისპირება იყო ქართულ სახელმწიფოსთან რაც დაუძინებელი მეგობრებისა და რადიკალების დამარცხებით დამთავრდა;
2025 წელი დესტაბილიზაციის პროცესში ღიად ერთვება 4 ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი. აღარაფერს ვამბობ პაველ ჰელჩინკიზე, რომელიც ღიად მოუწოდებდა საზოგადოებას არჩევნებში ქართული ოცნების წინააღმდეგ მიეცათ ხმა;
ოპოზიციამ მმართველ გუნდთან ყველა სვლა წააგო, მათთვის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი არ ჩანს.
ისინი გარედან დაკვეთილ თამაშს თამაშობენ, რომელსაც ტაშს მხოლოდ მათივე დამკვეთები უკრავენ, რადგან ამომრჩეველთა უმრავლესობას მათი მიმღებლობა არ აქვს. ადგილობრივი არჩევნების მიმართ ოპოზიციის არამეგობრული დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ მათ გააზრებული აქვთ, რომ ეს არჩევნები მათთვის 26 ოქტომბრის გამეორება იქნება, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა.
სწორედ ამ პოლიტიკური ფეილის შიშით არ სურთ მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დაუძინებელი მეგობრებისგან კონკრეტული დავალების მიღებამდე პოლიტიკურად ჩაძირული სირაქლემის პოზიციაში დგანან,”- წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.