“წლები დასჭირდება იმას, რომ აღდგეს ჩვენი მოსახლეობის ნდობა ზოგიერთი სახელმწიფოსადმი” – მაია ბითაძე
“ახლა ემთხვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც, ისევ მათივე რეკომენდაციით, ნაწილი რადიკალური ოპოზიციის აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ისინი თითქოს ხელახლა აცხელებენ სიტუაციას და ემზადებიან იმისთვის, რომ დააფინანსონ კვლავ ის ორგანიზაციები, რომლებიც კი არ დაეხმარებიან რადიკალურ ოპოზიციას მოგებაში, არამედ დაეხმარებიან ისევ პოლარიზაციის გაღვივებაში, ისევ ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებაში საქართველოს მოსახლეობაზე”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განუცხადა, რითაც ბრიტანეთის საელჩოს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„მათ [გარე ძალებმა] ძალიან კარგად დაინახეს, რომ ის აქტიური ჩარევა ჩვენს შიდა საშინაო საქმეებში, მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორც „ქართულ ოცნებაზე“, ასევე, საქართველოს მოსახლეობაზე კრახით დასრულდა და მათთვის დემოკრატიის შუქურად წოდებული მიხეილ სააკაშვილი, თავისი მცირე – მცირე პარტიებით ხელისუფლებაში ვერ მოვიდა და პირიქით მინუსებში გადაიყვანა რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის თვალში ამ ძალიან მავნებლურმა და ანომალიურმა კამპანიამ საერთაშორისო ბულინგის და დაფინანსების. ისინი თითქოს რჩებიან სუბიექტურ გაბრაზებულ პოზიციაში და ინერციით აგრძელებენ თითქოს ამ კამპანიას. ახლა ემთხვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც, ისევ მათივე რეკომენდაციით, ნაწილი რადიკალური ოპოზიციის აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ისინი თითქოს ხელახლა აცხელებენ სიტუაციას და ემზადებიან იმისთვის, რომ დააფინანსონ კვლავ ის ორგანიზაციები, რომლებიც კი არ დაეხმარებიან რადიკალურ ოპოზიციას მოგებაში, არამედ დაეხმარებიან ისევ პოლარიზაციის გაღვივებაში, ისევ ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებაში საქართველოს მოსახლეობაზე. ძალიან მიკვირს – ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიც არის გერმანია, ბრიტანეთი და ასე შემდეგ, აღარ ჩამოვთვლი, ნუთუ ის ისტორია პოლიტიკისა, რაც ამ ქვეყნებს აქვთ და ის ლიდერები ვინც ამ ქვეყნებს ჰყავდათ, როგორ ვერ ხვდებიან დღევანდელი მმართველობის ფარგლებში, რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც გამჭვირვალეა ინფორმაცია, როდესაც ყველა ყველაფერს ხვდება რა პროცესები მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორ ვერ ხვდებიან ისინი, რომ ასეთი უხეში ჩარევით ისინი შედეგს ვერასოდეს ვერ მიიღებენ, იმ შედეგს, რაც მათ სურთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა. ერთადერთი, რასაც აღვივებენ ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნდობის კლება ამ ინსტიტუტების და ქვეყნებისადმი, რაც ძალიან ცუდია. წლები დასჭირდება იმას, რომ აღდგეს ჩვენი მოსახლეობის ნდობა ზოგიერთი სახელმწიფოსადმი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის საელჩოს განცხადების თანახმად, მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული.