ლევან უჯმაჯურიძე: უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების დაბრუნება პრაქტიკაში დარგის სტაბილურ განვითარებას ნიშნავს
ქართული ვაზის თითოეული უნიკალური ჯიშის აღდგენა, გენეტიკური რესურსების დაცვა და გამოყენება არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, არამედ ღვინის წარმოების დივერსიფიცირებას, ექსპორტის ზრდას და რეგიონების ეკონომიკური გააქტიურებას ემსახურება, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ჯიღაურას კოლექციური ნაკვეთებიდან მიღებული ღვინოების დეგუსტაციაზე, რომელიც ისტორიული ღვინის ქარხანაში, ღვინის ბარ „საძველეში“ გაიმართა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის იმ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას, რომლებიც ჯიღაურას საკოლექციო ვენახშია დაცული და მევენახეობის სხვადასხვა რეგიონებს წარმოაჩენს. დეგუსტაციისთვის შერჩეული იყო 12 ადგილობრივი წითელი და თეთრყურძნიანი ჯიშისგან დაყენებული ღვინო, რომელთა ეთნოლოგიური მახასიათებლები და გავრცელების პოტენციალი დამსწრეებს მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ჩიჩუამ გააცნო.
ლევან უჯმაჯურიძემ დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ემსახურება ქართული ვაზის ჯიშების მოძიებას, აღდგენას, შერჩევას, კოლექციურ დაცვასა და სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების საფუძველზე მათი თანამედროვე წარმოებაში ინტეგრაციას.
ღონისძიება, რომელსაც ქართველი და უცხოელი ღვინის სპეციალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თემის აქტიური განხილვით გაგრძელდა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მსგავსი ფორმატის შეხვედრებს სისტემატურად ჩაატარებს.