“ევროკავშირმა 2010 წელს, სააკაშვილს დიქტატორული რეჟიმის ელიტას მისცა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის. ქართველ ხალხს კი, კიდევ 7 წელი გვალოდინეს ამის შემდეგ. 2017 წელს ჩვენთვის, ხალხისთვის გახდა უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი – მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და იმუშავა იმისთვის, რომ ხალხს მიეღო უვიზო მიმოსვლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ ევროკავშირის ელჩის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„კარგი იქნება, თუ იტყვის, 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლითაც დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო რეჟიმი ვრცელდებოდა, რომელი მუხლის, რომელი პუნქტის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ, ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 2010 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიდო დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო რეჟიმზე. დაარღვია და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო პოლიტიკური, სადამსჯელო გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ბრიუსელის ბიუროკრატიაში, რომელიც მათ ქართველი ხალხის მიმართ აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.