„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება, ის უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, ამიტომ ევროპასაც სჭირდება ცვლილება.
„ევროპის მომავლისადმი მიძღვნილი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზებისთვის საქართველოს უნივერსიტეტის მადლიერი ვარ. ძალიან მადლიერი ვარ, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა ევროპულ საკითხებზე მომუშავე წამყვანი მკვლევრებისა და მეცნიერების შეკრება მოახერხა. როგორც იცით, დღევანდელი სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება, ის უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, ამიტომ ევროპასაც სჭირდება ცვლილება, ევროპას სჭირდება ადაპტაცია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აქ, თბილისში, წამყვანი მკვლევრები და მეცნიერების ჯგუფი იმყოფება, რომელიც ფიქრობს იმაზე, თუ როგორ იქნება ევროპის მომავალი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხმის გაზიარებაც შემიძლია.
როგორც ყველამ ვიცით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ერთ-ერთი ჩვენგანი, ევროკავშირის წევრი გახდება. ამდენად, ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრების ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე დებატებში იმის შესახებ, თუ როგორი ადაპტაცია უნდა მოახდინოს ევროპამ საერთაშორისო კონტექსტში. ამ ორდღიან მნიშვნელოვან აზრთა გაცვლას მოუთმენლად ველი და მიხარია, რომ ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.